2 მოქმედი მერი, მერების ახალდანიშნული მოადგილეები, მოქმედი პარლამენტარი და ყოფილი ძალოვნები – ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში “ოცნების” მერობის კანდიდატები

1236

წინა სტატია

“ქართულმა ოცნებამ” 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები წარადგინა. როგორც ირკვევა, ქვემო ქართლში დღეს მოქმედი მერებიდან კანდიდატად მხოლოდ ორი ბოლნისის და წალკის მერები დარჩნენ. დანარჩენი კანდიდატების ნაწილი მერების ახლად დანიშნული მოადგილეები, მოქმედი პარლამენტარი და ყოფილი ძალოვნები არიან.

კონკრეტულად, ვინ არიან ქვემო ქართლის მერობის კანდიდატები მმართველი პარტიიდან და რა გამოცდილება აქვთ მათ:

რუსთავი – ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

ლაცაბიძე 2017-2020 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მანამდე, 2016-2017 წლებში, ლაცაბიძე თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფოსის მოადგილის, შემდეგ კი უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2015-2016 წლებში ის იყო თბილისის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის უფროსი; 2013 წელს ლაცაბიძე დასაქმებული იყო საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგ ცენტრში, საარჩევნო ბლოკის “ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების”, ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატისმ გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო ადმინისტრაციაში. 2008-2013 წლებში კი ლაცაბიძე თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის კონსულტანტად (მთავარი სპეციალისტი) მუშაობდა.

გარდაბანი – დავით კარგარეთელი, რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ 7 თვის წინ დაინიშნა

კარგარეთელი 2009 წლიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს. იყო მერის წარმომადგენელი, ზედამხედველობის, ინფრასტრუქტურის და სხვა სამსახურების თანამშრომელი და ხელმძღვანელი, მერიის ადმინისტრაციის უფროსი. მიმდინარე წლის იანვრიდან კი კარგარეთელი მერის პირველი მოადგილეა.

მარნეული – კენან ომაროვი, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილედ 2021 წელს დაინიშნა

ომაროვი 2006-2011 წლებში მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იურისტად მუშაობდა. 2011 წელს, 1 წლით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გადავიდა, თუმცა, 2013 წელს კვლავ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში დაბრუნდა, სადაც 2021 წლამდე მუშაობდა. 2021 წელს კი ომაროვი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ დაინიშნა.

ბოლნისი – დავით შერაზადიშვილი – მოქმედი მერი

შერაზადიშვილი 2017 წლიდან მუნიციპალიტეტის მოქმედი მერია. მანამდე, 2016 წლის ნოემბრიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 2014 წლიდან კი ჯერ გამგებლის პირველი მოადგილე, შემდეგ კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო. შერაზადიშვილი ბოლნისის გამგეობაში 1998-2000 წლებშიც მუშაობდა, მას ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი ებარა.

2012-2014 წლებში შერაზადიშვილი შპს ,,მექანიზატორის“ ბოლნისის სერვისცენტრს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი, 11 წლის განმავლობაში, მეფრინველეობის ფაბრიკა ,,სავანეთი 99“-ში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკაში ვეტერინარი ექიმი იყო.

დმანისი – კობა მურადაშვილი

მურადაშვილის შესახებ ცნობების მოძიება ამ დროისთვის ვერ ხერხდება. ერთადერთი ინფორმაცია, რისი მოძიებაც droa.ge-მ შეძლო, არის ის, რომ მურადაშვილი ძალოვანი უწყების წარმომადგენელია. მოპოვებული ინფორმაციით, ის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კახაბერ მურადაშვილის ძმაა.

წალკა – ილია საბაძე – მოქმედი მერი, ყოფილი ძალოვანი

ილია საბაძე 2017 წლიდან წალკის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერია. მანამდე, 2014-2017 წლებში ამავე მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო, თუმცა, მანამდე, 1 წლის განმავლობაში, ის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.

2011-2012 წლებში საბაძე საქართველოს შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი, 2003-2011 წლებში, ის საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს წალკა-თეთრიწყაროს განყოფილების უფროსი იყო;

უფრო ადრე, 1999-2003 წლებში, საბაძე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წალკა-თეთრიწყაროს განყოფილებას ხელმძღვანელობდა, 1993-1999 წლებში კი ამავე განყოფილებაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. საბაძემ სამუშაო კარიერა 1992 წელს  წალკის რაიონის სამხედრო კომისარიატის სპეციალისტობიდან დაიწყო.

თეთრიწყარო – გიორგი წიკლაური, ყოფილი ძალოვანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის პოსტზე თვენახევრიანი გამოცდილებით

წიკლაური ამ თანამდებობაზე სულ რაღაც თვენახევრის წინ – 2021 წლის 18 ივნისს დაინიშნა. მანამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2011-2015 წლებში წიკლაური შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წალკა-თეთრიწყაროს სამსახურის უფროსი იყო.