დუშეთის სოფელ ოძისსა და მცხეთის სოფელ ფრეზეთს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება

324

მცხეთა-მთიანეთის სოფლებს – ოძისსა და ფრეზეთს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

სამინისტროს განმარტებით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მოისმინეს მათი საჭიროებებისა და პრობლემების შესახებ, თავად კი მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივით, მთის ეროვნული საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება ოძისისა და ფრეზეთისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი.

„მთის საბჭოს თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე კვირას გაიმართება მთის საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც, ამ ორ სოფელს მიენიჭება მაღალთიანი დასახლების სტატუსი. შესაბამისად, ორივე დასახლება სრულად ისარგებლებს მთის კანონით დადგენილი ყველა შეღავათით და დანამატით. მნიშვნელოვანია მეწარმეთათვის დადგენილი შეღავათები, რის საფუძველზეც ეს დასახლებები მიმზიდველი გახდება მეწარმეობისათვის და გააჩენს მეტ სამუშაო ადგილს, მოიტანს მეტ შემოსავალს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთის განვითარების 2021 – 2023 წლების სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი 968 მილიონ ლარზე მეტია, რაც 2019-2020 წლების დაგეგმილ სამოქმედო გეგმას 20%-ით აჭარბებს“, – ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მცხეთა-მთიანეთის ორივე სოფელი აკმაყოფილებს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ოძისში მოსახლეობა 690-850 მეტრზე ცხოვრობს. ამასთან, სოფელი მდებარეობს გამყოფ ხაზთან და აკმაყოფილებს დემოგრაფიულ კრიტერიუმსაც. რაც შეეხება სოფელ ფრეზეთს, ის 900 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზეა.

„სოფელი ოძისი გამყოფ ხაზთან მდებარეობს, სოფელ ფრეზეთში კი კომპაქტურად ჩასახლებულია დევნილი მოსახლეობა. ამ ორ სოფელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, რომელიც ითვალისწინებს მთელ რიგ სიკეთეებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, კერძოდ – დანამატებს განათლების, ჯანდაცვისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთათვის, პენსიონერებისთვის. ასევე, დადგენილია შეღავათები მცირე მეწარმეებისა და ინდეწამრეებისთვის. ეს სოფლის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, გაიუმჯობესოს არა მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა, არამედ შექმნას მეტი სამუშაო ადგილი, განავითაროს ტურისტული ბიზნესი, სოფლის მეურნეობა და დასაქმდნენ თავიანთ საცხოვრებელ დასახლებებში,“ – აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შემდეგ, სოფელ ოძისში მცხოვრები 500-ზე მეტი და სოფელ ფრეზეთში მცხოვრები 700-ზე მეტი მოსახლე მთის კანონით დადგენილი შეღავათებით 2022 წლიდან ისარგებლებს.

ამჟამად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1797 დასახლებას, რაც საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 48%-ია. ივნისის მდგომარეობით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 260 266 ადამიანი, ხოლო შესაბამისი შეღავათებით – 472 საწარმო. 2016 – 2021 წლებში სოციალური მხარდაჭერის კუთხით, მაღალმთიანი დასახლებებში მცხოვრებთათვის სახელმწიფომ მიმართა 320 მლნ ლარზე მეტი.