თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის მიერ საკრებულოს დატოვება „პოპულისტური და პიარული ნაბიჯია“.
ამის შესახებ მამუკა ახვლედიანმა დღეს თბილისის საკრებულოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილის მიერ საკრებულოს დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
მამუკა ახვლედიანის თქმით, ალეკო ელისაშვილის საქციელი არასწორია მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება. ახვლედიანმა ამის მაგალითად საკრებულოს ბოლო სხდომა გაიხსენა, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრის კომპანიას „ქართული ოცნების“ უმრავლესობის დეპუტატებმა ქალაქის ცენტრში მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცეს. მამუკა ახვლედიანი, შესაბამისად, არასწორად მიიჩნევს ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ სხვა დეპუტატებმაც დატოვონ საკრებულო.
„მე ვფიქრობ, ეს არის პოპულისტური და პიარული ნაბიჯი და არ არის რეალური შებრძოლება იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა აკანონებს. მიმაჩნია, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და გავიტანოთ ჩვენი საქმე, შევეწინააღმდეგოთ „ქართული ოცნების“ ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც შეპარვით, ამ ბოლო მომენტში დააპირებენ ხრიკებით გაიტანონ“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, საკრებულოში დარჩენილ 3 კვირაში მინიმუმ 2-3 სხდომა მაინც გაიმართება და თუ არავინ არ გააპროტესტა, მსგავსი საკითხების შესახებ საზოგადოებასაც არ ექნება ინფორმაცია.
„ასეთ შემთხვევაში შემდეგ საკრებულოს სხდომაზე 1 000 კვადრატულ ფართობს კი არა, 10 000 კვადრატულს აჩუქებენ. ბრძოლის ველის დატოვება არასწორია“, – განაცხადა ახვლედიანმა.
წყარო: ინეტრპრესნიუსი