„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით დღეს პორტალზე ადგილები ამოწურულია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა არ არის ქვეყანაში და დოზები ამოწურულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორ მან აღნიშნა, „ფაიზერის“ გაფართოებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის ადგილების გარკვეული გადაწყობა გახდა საჭირო და აქედან გამომდინარე, პორტალზე “ასტრაზენეკას” გამოჩენას, შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.
“ისევ დაემატება 15 000 დოზა, ჩვენ დონაციით მივიღეთ „ასტრაზენეკას“ დოზა. ასევე გვაქვს დოზები, რომელიც მიღებული გვქონდა “კოვაქსის” პლატფორმიდან. გარკვეული გადაწყობა მოგვიხდა ამ რეგისტრაციის ადგილების „ფაიზერის“ გაფართოებიდან გამომდინარე. ასე რომ, შესაძლოა ერთი-ორი დღე დასჭირდეს „ასტრაზენეკას“ გამოჩენას“ , – აღნიშნა გაბუნიამ და განაცხადა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა ხვალ დილამდე მოგვარდება.
მისი თქმით, „ასტრაზენეკა“ პირველი ვაქცინაა, რომელსაც, სულ მცირე, 119 ქვეყანა იყენებს.
„ყველა ქვეყანაში არის „ასტრაზენეკა“ აღიარებული. მას სულ მცირე, 119 ქვეყანა იყენებს და არსად არ არის შეზღუდვა. რაც შეეხება მესამე ბუსტერ დოზას, ჯერჯერობით ჩვენი პროგრამა ამას არ ითვალისწინებს. დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თუ რამე შეიცვალა, მერე ჩვენც შევცვლით“,-განაცხადა გაბუნიამ.