რა კეთდება რეგიონებში ვაქცინაციის გააქტიურებისთვის? – ტიკარაძის პასუხი

326

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დღეისთვის ვაქცინაციის მოცვა არის სრულიად საკმარისი, ხოლო დატვირთულობა მხოლოდ 20%. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ რა კეთდება რეგიონებში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურებისთვის.

„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღევანდელი მოცვა არის სრულიად საკმარისი, ხოლო დატვირთვა არის მხოლოდ 20%. დღეისთვის აქტიური კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გაჩნდეს მეტი მსურველი აცრისთვის.

მსურველის გაჩენის შემთხვევაში კი სისტემას გააჩნია მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა. დღესდღეობით ჩართულია 200-მდე დაწესებულება და კიდევ არის საშუალება, რომ რეგიონებში კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს დაწესებულებები, თუმცა იმისთვის, რომ ეფექტურად ვმართოთ პროცესი და დავზოგოთ სამედიცინო პერსონალის რესურსი, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი დატვირთვის საკითხი და ხდება მუდმივად გადამოწმება თუ სად არის მოთხოვნა და მიწოდებაც ხდება ამის მიხედვით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება რეპლიკას, თუ რა გააკეთა ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტრომ, რატომ საუბრობს მუდმივად მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს და რატომ არ დადგა აქტიურობის დრო, ტიკარაძემ უპასუხა, რომ კომუნიკაცია მუდმივად მიმდინარეობს.

„თქვენ რას გულისხმობთ, უნდა დავაძალოთ აცრა? პირადად მე, ჩემი მოადგილე, NCDC და ჩვენი სსიპ-ების წარმომადგენლები მუდმივად ონლაინ, პირადად ვმართავთ ტრენინგებს, მათ შორის სოფლის ექიმებთან, რომ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია მოხდეს. სოფლის მოსახლეობა სწორედ მათ ენდობა. ნამდვილად არ ვაკლებთ არანაირ მცდელობას, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამიტომ ვთხოვთ მედიას, ყველა ღონისძიება გააშუქოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.