მელია: ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია

809

წინა სტატია

“ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია”, – ამის შესახებ თბილისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

“ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე, დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს ვაკეთო უფრო მეტი და ვაკეთო უფრო უკეთესად. ჩემი მერობა ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე არ იქნება ჩემი პარტიის წარმომადგენელი. დღეს მე და ელენე ხოშტარია გამოვდივართ, როგორც მრავალპარტიული კოალიციის წარმომადგენლები. მე, როგორც მერობის კანდიდატი ჩემი მოძრაობიდან, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, რომელიც წარმოადგენს ვიცემერს უახლოეს მომავალში, ხოლო, ელენე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, საკუთარი მოძრაობიდან”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიამ, ასევე, განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის არცერთ ოლქში მაჟორიტარ კანდიდატებს არ დააყენებს და მხარს მრავალპარტიული შეთანხმებით შერჩეულ კანდიდატებს დაუჭერს.

“ჩვენი პარტია არსად, არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს დაუჭერს, საერთო, მრავალპარტიულ შეთანხმების კანდიდატებს. სწორედ ამიტომ, დღეს მე ვდგავარ, თქვენს წინაშე და ჩემი და ჩემი პოლიტიკური გაერთიანების სახელით ვაცხადებ, ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია”, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიამ და ელენე ხოშტარიამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს.