საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ გაუარესებულია. მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების პიკური მაჩვენებელი დამოკიდებულია მოქალაქეების ქცევაზე, რამდენად სათანადოდ დაიცავენ ისინი აუცილებელ რეკომენდაციებს.
„შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ჩვენ ახალა დაახლოებით იგივე მაჩვენებელზე ვართ, რა მაჩვენებელიც გვქონდა მაისის პიკურ პერიოდში, ამდენად, ეს არის გარკვეული ესკალაციები. ტალღას დავარქმევთ თუ ამას როგორ აღვწერთ, ყოველ შემთხვევაში, შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. რა იქნება პიკური მაჩვენებელი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ დავიცავთ პრევენციულ ზომებს, რაც დღეს ისევ მოქმედებს. მთავარია, რომ რეგულაციები, რაც მოქმედია, დავიცვათ და დიდი თავშეყრები, მაგალითად, ქორწილი ან სხვა ტიპის ასეთი ღონისძიებები წესების დარღვევით არ ჩატარდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად, ჯერჯერობით ახალი დამატებითი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება, არამედ ყურადღება გადატანილია უკვე მოქმედი რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
„ამ ეტაპზე საუბარია იმ რეგულაციების აღსრულების უზრუნველყოფაზე, რაც უკვე დაწესებულია. ჯერჯერობით სხვა ახალი, დამატებითი რეგულაციების შემოტანა არ იგეგმება, გარდა იმისა, რაც გასულ კვირას დაწესდა „პისიარ“ ტესტის ან ვაქცინაციის სტატუსით ღონისძიებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აჭარის რეგიონში ინფიცირების შემთხვევების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი მობილობა ამ რეგიონშია. ამიტომ, თაარ გაბუნიამ
„ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში და შემდეგ რა თქმა უნდა, აჭარის რეგიონში, რადგან ყველაზე დატვირთული და მაღალი მობილობით არის დღეს აჭარის რეგიონი. ჰოსპიტალური ქსელი იქაც მობილიზებულია. სასტუმროების მობილიზება გრძელდება. ტურიზმი, საკურორტო სეზონი სრულად გახსნილია, რის გამოც აჭარაში რისკები უფრო მაღალია. როგორც ჩვენამდე ინფორმაცია მოდის, არ არის ინდივიდუალურ დონეზე ნიღბის გამოყენება და ასე შემდეგ. რეგულაციები რთულად ხორციელდება და ეს რა თქმა უნდა, აჭარასთან მიმართებით, რისკებს ზრდის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.