ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ყველაზე ღირსეული კანდიდატი შეირჩეს და თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა
მისი თქმით, ოპოზიციამ თავი აარიდა ფართო კონსენსუსით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დამტკიცებას.
„ოპოზიციამ ძალიან სუსტი და გაუმართავი გადაწყვეტილება მიიღო, როცა სათანადოდ არ ჩაერთო განხილვებსა და კენჭისყრაში, ასევე, ფართო კონსენსუსით ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებას თავი აარიდა. ამავე დროს ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციონერების განცხადება, სადაც ამბობენ, რომ კანდიდატი დიახ, არის კვალიფიციური, დიახ გამოცდილია, მას აქვს საარჩევნო პროცესებში მუშაობის გამოცდილება და პოზიტიურად აფასებენ კანდიდატს, მაგრამ ასევე ამბობენ, რომ მხარს არ დაუჭერენ მას. ვფიქრობ, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და კიდევ ერთხელ ჯდება გადაწყვეტილებების იმ არათანმიმდევრულობაში, რომელსაც წინა თვეების განმავლობაში ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ყველაზე ღირსეული კანდიდატი შეირჩეს და თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს. ეს ჩვენი მხრიდან იქნება გარანტირებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.