ქალაქ ვალეში საავადმყოფო 10 წლის წინ დაიკეტა, „ჯანმრთელობის სახლი“, სადაც მხოლოდ სამი უბნის ექიმი და ამდენივე ექთანია, ადგილობრივების საჭიროებებს არ ჰყოფნის. მოსახლეობა მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების საჭიროებაზე საუბრობს.
„ავადმყოფი ქალი ვარ, შაქარი მაქვს. ცუდად რომ გავხდე, სანამ ახალციხემდე ჩავიდე, შეიძლება რამე მომივიდეს. ახალციხიდან სასწრაფო ხანდახან ერთ საათში მოდის. აქ რომ იყოს დროულად მოვა და გადარჩება ადამიანი“, – ამბობს ვალეს მკვიდრი, მარია სუკასიანი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების აუცილებლობაზე საუბრობს ადგილობრივი, ნანა გიორგაძეც. მისი თქმით, ვალეს თემის მოსახლეობისთვის, ახალციხეში სიარული როგორც დიდ დროსთან, ისე ფინანსებთან არის დაკავშირებული.
„ჩემს შვილს გული წაუვიდა, სიცხე ჰქონდა, გამოვიძახეთ სასწრაფო და გამლანძღეს ამაზე სასწრაფოს როგორ იძახებო. აქ უბნის ექიმი უნდა იყოსო. ადრე იყო ვალის საავადმყოფოში ყველაფერი, ქირურგიაც, სამშობიაროც. მე ორი შვილი აქ გავაჩინე. სხვა სოფლებიდანაც მოდიოდნენ. კარგად მუშაობდა და რატომ დაიხურა ვერ ვხვდები. მარტო ვალეს კი არა, გარშემო ყველა სოფელს სჭირდება აქ საავადმყოფო. ამხელა შენობა იყო და სულ დაინგრა. როცა ელემენტარული ანალიზის გაკეთება, ან გასინჯვა გვჭირდება, ახალციხეში გვიწევს სიარული“, – გვიყვება იგი.
ვალეში საავადმყოფო 2011 წელს, მას შემდეგ დაიხურა, რაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ვალესა და ახალციხეში, ექვსი სამედიცინო დაწესებულების ერთ საავადმყოფოს შენობაში გაერთიანების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მაშინ სამსახური ვალეში 40–მდე თანამშრომელმა დაკარგა. მათგან, ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში (დღევანდელი „ევექსის“ კლინიკაში) მუშაობა მხოლოდ ექვსმა მედპერსონალმა განაგრძო.
ვალეში, 2018 წლიდან „ჯანმრთელობის სახლი“ ფუნქციონირებს, რომლის მშენებლობისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 235 735 ლარი დაიხარჯა.
„არავინ დადის ჯანმრთელობის სახლში. არ არის იქ შესაბამისი ტექნიკა და აზრი? დღის საათებში თუ რამე მინიმალური დაგჭირდა თორე ისე მაინც ახალციხეში გვიწევს წასვლა. საავადმყოფო ისეთი რამეა, რომ ამის გაკეთებაზე არც ერთი ადგილობრივი არ იტყვის უარს. აგერ იყო ვეებერთელა საავადმყოფო, გაყიდული და გაძარცვული, ჩერნობილივითაა ახლა. საავადმყოფო კია სასურველი, მაგრამ უპირველეს ყოვლისა კარგი ექიმია საჭირო“, – ამბობს ადგილობრივი, გოდერძი გოგოლაძე.
ვალეს „ჯანმრთელობის სახლში“ ამჟამად სამი ოჯახის ექიმი მუშაობს, აქ მხოლოდ სეზონური და გეგმური ვაქცინაციაა შესაძლებელი, სტაციონალური მომსახურების მიღებისთვის მოსახლეობას ისევ ახალციხეში უწევს ჩასვლა.
„ჯანმრთელობის სახლში არ არის ლაბორატორია, არც რენტგენი, ან სხვა ტექნიკა. თუ მოხდება „ჯანმრთელობის სახლის“ მეტად აღჭურვა, მეტი მომსახურების გაწევაც იქნება შესაძლებელი. „ჯანმრთელობის სახლი“ 2018 წლიდან გაიხსნა, ოჯახის ექიმები კი დიდი ხანია ვმუშაობთ, 2010 წლიდან ძველი საავადმყოფოს შენობაში. პირობები აქ გაგვიუმჯობესდა. როცა ვალეში საავადმყოფო იყო, იქ სრულყოფილი, მრავალპროფილური მომსახურება ხდებოდა. ცენტრალურად მიღებული გადაწყვეტილებით მოხდა ამ დაწესებულების დახურვა, რეორგანიზაცია“, – ამბობს მერი ხაბეიშვილი და ამატებს, რომ ამჟამად ვალეში მრავალპროფილური კლინიკის გახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია: „ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ბოლო პერიოდში ძველ საავადმყოფოში თავს ძლივს ვინახავდით, რთული იყო პერსონალის შენახვა. ვფიქრობ არავინ წამოვა აქ მიზერულ ანაზღაურებაზე, რადგან ისეც 2–3 ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომ ნორმალური ხელფასი გამოუვიდეთ“, – აცხადებს მერი ხაბეიშვილი.
„ჯანმრთელობის სახლი“ 10–დან 17:00 საათამდე მუშაობს.
„სულ ცოტა 13 სოფელია ვალეს გარშემო, რომელიც ადრე აქაური საავადმყოფოს მომსახურებით სარგებლობდა. ბუნებრივია სჭირდება ვალეს საავადმყოფო. ამბულატორია კარგი გვაქვს, მაგრამ თუ საავადმყოფო იქნება, მოხარული ვიქნები. აქ რომ 24 საათიანი პუნქტი იყოს, ამაზე უკეთესი არაფერი იქნებოდა. ბევრი ადამიანიც დასაქმდება და ადგილობრივებსაც დაეხმარებოდა“, – ამბობს მანანა გოგოლაძე.
ვალეში სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულების არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა „სამცხის“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმაც, აღნიშნული საკითხი მან პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილა.
„ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი დასახლება არის ქალაქი ვალე და სოფელი ვალე. ორივე დასახლებული პუნქტი 15 კილომეტრის დაშორებითაა ახალციხიდან და იქნებ ვიფიქროთ სამედიცინო ცენტრის, თუნდაც ერთი ბრიგადის მუდმივ რეჟიმში ყოფნაზე, რაც ასევე გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს მიმდებარე სოფლებისთვის“, – მიმართა მან გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსს, სანდრო კალანდიას.
ვალეს მრავალპროფილური საავადმყოფო 2011 წელს დაიხურა. დახურვის შემდეგ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთი ბრიგადა და უბნის სამი ექიმი განაგრძობდა მუშაობას, მაგრამ „ჯანმრთელობის სახლის“ გახსნის შემდეგ, იქ დარჩენილი სასწრაფოს ბრიგადა ახალციხეში გადაიყვანეს. რატომ გააუქმეს ვალეში ბრიგადა, ამ ეტაპზე უცნობია „სამხრეთის კარიბჭე“ პასუხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ელოდება.
ძველი საავადმყოფოს არსებული შენობა, ვალის ტერიტორიული გაერთიანების ყოფილი რწმუნებულის, გელა გოზალიშვილის თქმით, 2012 წელს გასაყიდ ობიექტთა ნუსხაში იყო შესული. ამჟამად ნაგებობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე იმყოფება.
რა ბედი ელის საავადმყოფოს ძველ შენობას და მოხდება თუ არა ვალის „ჯანმრთელობის სახლში“ სამედიცინო სერვისების დამატება, ამ ეტაპზე უცნობია.
როგორც ადგილობრივები ამბობენ ქალაქ ვალეში 2 000 კომლზე მეტი ცხოვრობს, მის გარშემო სოფლებში კი 10 ათასზე მეტი მოსახლეა.