თეორიულად საქართველოში, ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. თუ გავაკეთებთ გარკვეულ თეორიულ დაშვებას, რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას კანდიდატურაც განიხილება, მაგრამ ის, რომ აქტიურად ვმსჯელობდეთ ბატონი გახარიას კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით, ეს ასე არ არის, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ პარტიის დედაქალაქის მერობის კანდიდატზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ამასთან, კითხვაზე, განიხილება თუ არა არჩილ არველაძე პარტია „საქართველოსთვის“ დედაქალაქის მერობის კანდიდატად, პასუხობს, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
„ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ.
განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე.
მე მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და ძალიან კარგი პიროვნება.
ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ღირსეული ოპონენტი იქნება ბატონი კალაძისთვისაც და არამარტო კალაძისთვის. იქ სავარაუდოდ იქნებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დაასახელებს ოპოზიცია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ღირსეულ პოლიტიკურ ბრძოლაში ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველას და რაც მთავარია გავიმარჯვოთ.
ჩვენ არ ვუყურებთ, ოპოზიცია ვის დაასახელებს კანდიდატად. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი. ჩვენ სიღრმისეულად ვსწავლობთ, ვაანალიზებთ პოლიტიკურ ველს, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აი ეს პოლიტიკური ჯახი, რომელიც გაიშლება შემდეგი 60 დღის განმავლობაში, იყოს მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი. ჩვენი პარტია და ისევე, როგორც ჩვენი პარტიის თითოეული წევრი, არის დაბადებული პოლიტიკური ბრძოლებისთვის. ჩვენ არავისი არ გვეშინია და არც შეგვეშინდება. ჩვენ ვგრძნობთ იმ დაძაბულობას, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ და ჩემი აზრით, ძალიან სწორადაც არიან დაძაბულები. იმიტომ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ იქნება ძალიან კონკურენტუნარიანი ძალა, მათ შორის ბატონი კალაძისთვის “, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.