თელავში მოქმედი ბუნებრივი წყლებიდან 4 სასმელად უვარგისი აღმოჩნდა

501

ქალაქ თელავში მოქმედი ბუნებრივი წყლებიდან 4 სასმელად უვარგისი აღმოჩნდა. აღნიშნულ საკითხზე განცხადება რადიო კახეთის ხმის პირდაპირ ეთერში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა დავით ქსოვრელიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში წყლის შემოწმებას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად მერიაც ახორციელებს.

,,ვცდილობთ შეძლებისდაგვარად სუფთა წყალი მივაწოდოთ მოსახლეობას, რადგან არ გვაქვს გამართული საქლორატოროები და გამწმენდი ნაგებობები. ჩვენ ვმუშაობთ სოფლებში და რაც შეეხება ქალაქ თელავს, წყალმომარაგების კომპანიის გარდა, ჩვენ წელიწადში ორჯერ ვანხორციელებთ საუბნო წყაროების ლაბორატორიულ შემოწმებას.

ახლა დავამთავრეთ ეს პროცესი და აღმოჩნდა, რომ ყველა ბუნებრივი წყალი რომელიც ქუჩებში მოედინება სასმელად ვარგისია, მხოლოდ ოთხი ჭაბურღილის გარდა. ესენია: ქეთევან წამებულის ქუჩაზე 5-7 კორპუსების მიმდებარედ 3 წყარო და ასევე ე.წ. ,,კაკლის წყარო”. ეს დადასტურებულია, რომ სასმელად უვარგისი წყალია”,- განუცხადა Knews.ge-ს დავით ქსოვრელიშვილმა.

დავით ქსოვრელიშვილი ასევე აცხადებს, რომ უწყება წლებია სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. მისივე განმარტებით, სოფლებში არ არის წყალმომარაგების სრულყოფილი სისტემები, არ არის გამართული სათაო ნაგებობები და ამორტიზებულია სასმელი წყლის შიდა ქსელები რაც წყალმომარაგების პრობლემას ქმნის.