წინასაარჩევნოდ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ იქ „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა პირებმა გააგრძელონ მათი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ლელოში” აღნიშნავენ, რომ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს სალიცენზიო მოსაკრებელი გაუნახევრა.
„მინდა, მოგახსენოთ მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მდებარე კაზინოებს 2 წლის განმავლობაში გაუნახევრა გადასახადი და აჩუქა 5 მილიონი. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლების მიერ ქუჩებში არის ორგანიზებული ძალადობა, როცა ჟურნალისტებს ფიზიკურად ესხმიან თავს და გარდაიცვალა ლექსო ლაშქარავა. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლება არის დამალული და მედიას უცხადებს ბოიკოტს, მთავრობა ახერხებს და ამ შავ-ბნელი საქმეებისთვის იცლის და მისი დამფინანსებელ სათამაშო ბიზნესს აძლევს 5 მილიონი ლარის საჩუქარს. წინასაარჩევნოდ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ იქ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ადამიანებმა გააგრძელონ მათი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება. ეს ხდება მაშინ, როცა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ელემენტარული დახმარებაც კი ვერ გამოუყო ქართულ ბიზნესს, რომელიც მისი ხელით განადგურების პირას არის და ეკონიმიკა არის ჩამოშლის პირას. 5 მილიონი გამოუყვეს სათამაშო ბიზნესს მაშინ, როცა ის არის მზარდი ბიზნესი და მისმა ბრუნვამ გასულ წელს შეადგინა 38 მილიარდი ლარი“, – განაცხადა ბუაძემ.