ვალეში საჭიროა სამედიცინო ცენტრი… შეღავათი სამედიცინო სფეროს ყველა თანამშრომელზე უნდა გავრცელდეს – მაჟორიტარი დეპუტატი

438

ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. დეპუტატმა ქალაქ ვალეში სამედიცინო დაწესებულების გახსნის აუცილებლობასა და მაღალმთიან დასახლებებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებზე დაწესებული შეღავათების თანაბრად გადანაწილებაზე გაამახვილა ყურადღება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

დღევანდელ სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწკოლაური და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია ესწრებოდნენ. ობოლაშვილმა კითხვებით სწორედ მათ მიმართა.

„მაღალმთიანი სტატუსის მქონე რეგიონებში, ტექნიკური პერსონალის სახელფასო ანაზღაურებაზე, არ არის გათვალისწინებული ის შეღავათები, რასაც ექიმები იღებენ. ამიტომ ჩემი თხოვნაა იქნებ ვიფიქროთ ამ გათანაბრებაზე  და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თითოეულმა თანამშრომელმა მიიღოს ის შეღავათი, რაც გათვალისწინებულია მაღალმთიანი სტატუსის მიხედვით“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, გიორგი წოწილაურის თქმით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად  საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებაა საჭირო.

„მაღალმთიან დასახლებაში შეღავათი ექიმსა და ექთანზეა დაწესებული და არა სანიტარზე ან მძღოლზე. ამას სჭირდება საკანონმდებლო ინიციატივა. ჩვენ დღეს დავითვლით რა თანხებთან იქნება დაკავშირებული, მე გპირდებით რომ მაქსიმუმ ორი-სამი დღის მანძილზე კომიტეტს ექნება ეს ინფორმაცია და შემდგომ გავაკეთოთ შეხვედრა“, – განაცხადა სხდომაზე მინისტრის მოადგილემ.

კიდევ ერთი საკითხი რომელზეც მაჟორიტარმა დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა,  ეს ქალაქ და სოფელ ვალეში სამედიცინო დაწესებულების გახსნის აუცილებლობაა: „ახალციხის მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი დასახლება არის ქალაქი ვალე და სოფელი ვალე. ორივე დასახლებული პუნქტი 15 კილომეტრის დაშორებითაა ახალციხიდან და იქნებ ვიფიქროთ სამედიცინო ცენტრის, თუნდაც ერთი ბრიგადის მუდმივ რეჟიმში ყოფნაზე, რაც ასევე გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს მიმდებარე სოფლებისთვის“.

გადაუდებელი დახმარების ცენტრის უფროსმა, სანდრო კალანდიამ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდება: „ჩვენ შევისწავლით თუ როგორი დატვირთვაა 112–ში აღნიშნული დასახლებებიდან. რისკები შეფასებული იქნება და საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებით“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა 25 ივნისს გამართულ სხდომაზე რეგიონში არსებულ გაზიფიცირების, მიწების დარეგისტრირების პრობლემებსა და ბორჯომში მდებარე რომანოვების სასახლის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე ისაუბრა.