ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუთბა დეფაქტო პრეზიდენტთან გამართულ გაფართოებულ თათბირზე გამოვიდა წინადადებით, კოვიდინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მოხდეს ზომების გამკაცრება.
ბუთბას წინადადებით, უნდა შეიზღუდოს ბაზრების და საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობა. დაიხუროს ფიტნეს-დარბაზები, სპორტული და საგანმანათლებლო სექციები, აიკრძალოს კულტურულ-მასობრივი ღონისძიებები როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ.
მანვე მოითხოვა პირბადის ტარების სავალდებულო რეჟიმის შემოღება ჯარიმების დაწესებასთან ერთად.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 19 032 ადამიანი შეადგინა, რომელთაგან 15 817 გამოჯანმრთელდა, 267 გარდაიცვალა.
კორონავირუსის მაჩვენებლის ზრდის გამო, ოკუპირებულ რეგიონში 5 ივლისიდან აკრძალულია მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის ქორწილებისა და მიცვალებულთა მოსახსენიებელი სუფრების გამართვა.