გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე! – აღნიშნული მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა.
კერძოდ, დღეს აღარ მაუწყებლობენ: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“.
ამ დროისთვის, ოთხივე აღნიშნული ტელეკომპანიის ეკრანებზე მხოლოდ შავი ფონია გამოსახული, რომელზეც თეთრი ასოებით წერია იმ ჟურნალისტებისა და ოპერატორების სახელები და გვარები, რომლებიც 5 ივლისის მოვლენებისას დაშავდნენ.
მედია უკვე მეოთხე დღეა ითხოვს ძალადობრივ კონტრაქციაზე ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე მთავრობის პასუხისმგებლობა დადგეს. პასუხად შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 ივლისს ინფორმაცია გაავრცელა, რომ შუალედური ექსპერტიზით, ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება იყო.
TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ჯიქიას სასაფლაოზე 13 ივლისს დაკრძალეს. მანამდე ის კოლეგებმა სახლიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს. ოპერატორებმა მას სიმბოლურად ვიდეოკამერების დერეფანი გაუკეთეს.
ლაშქარავა 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია მედიის იმ ათობით წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ.
შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის 5 — TV პირველის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.