ზესტაფონში შშმ პირებისთვის ეტლების საწარმო გაიხსნა

455

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სავარძელ-ეტლების საწარმო – „მოირგე“ გაიხსნა. საწარმოს გახსნას ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე და საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდნენ. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ეტლების საწარმო დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ 0 – 18 წლამდე ასაკის შშმ პირებს მოემსახურება. სავარძელ – ეტლები საქართველოში მზადდება და ინდივიდუალურად არის მორგებული ყველა საჭიროების მქონე პირზე.

ა(ა)იპ „მოირგე“ ზესტაფონში 2018 წელს დაფუძნდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და პროფესიონალთა მიერ, რომლებსაც აქვთ, მობილობის შეზღუდვის მქონე პირთათვის სავარძელ – ეტლების სერვისის მიწოდების მრავალწლიანი გამოცდილება.

სავარძელ – ეტლების საწარმო „მოირგე“ დაფუძნებულია „საქართველოს ბანკის“ ფინანსური დახმარებით. პროექტის მხარდამჭერები არიან ასევე, ორგანიზაცია „მაკ ჯორჯია“ და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ეტლების საწარმოს, სახელოსნო სივრცე, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო.

„ზესტაფონში ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განხორციელდა, რაც არა მარტო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ დასავლეთის რეგიონისთვის. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ინდივიდუალურად, ადგილზე მოხდება ეტლების შერჩევა, რაც მათ საგრძნობლად შეუმსუბუქებს მდგომარეობას“, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ საწარმოს გახსნისას.