9 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ა(ა)იპ–ებს, მათ შორის „ახალციხის ციხის“ და „ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსების გაზრდას მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მიმდინარე წელს „ახალციხის ციხე“ სუბსიდიის სახით 150 000 ლარს მიიღებს. გასულ წელს აღნიშნულ ა(ა)იპ–ს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 210 000 დაერიცხა.
„მოგეხსენებათ პანდემია გრძელდება, მიუხედავად შეზღუდვების შემცირებისა, ტურისტების ნაკადი არაა იმ დონეზე რაც იყო პანდემიამდე. აქედან გამომდინარე ა(ა)იპ–ს საკუთარი შემოსავალი წელს აქვს ძალიან ცოტა, ამიტომ აუცილებელია სუბსიდირება, რათა ციხემ სრულყოფილად შეძლოს ფუნქციონირება“, – განმარტა საკრებულოს სხდომაზე მერიის ფინანსურმა კონსულტანტმა, ვახტანგ თაქთაქიძემ.
„ახალციხის საზოგადოებივი ჯანდაცვის ცენტრს“ დაფინანსება 25 000 ლარის გაეზარდა, როგორ სხდომაზე განმარტეს, თანხა ორგანიზაციას მანქანის შესაძენად სჭირდება.
რაც შეეხება დანარჩენ ა(ა)იპ–ებზე დაფინანსების გაზრდას, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეს კომუნალური გადასახადების ტარიფების მომატებით ახსნა.
„მოგეხსენებათ წლის დასაწყისიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა, რამაც ჩვენს მუნიციპალიტეტს და მის დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპ–ებს კომუნალური გადასახადები გაუზარდა. ამ მიმართულებით იქნება ხარჯები გაზრდილი. რაც შეეხება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციას, 25 000 ლარით სატრანსპორტო საშუალებას შეიძენენ. მოგეხსენებათ მათ უწევთ ხშირი გადაადგილება, ეს კი ხელს შეუწყობს მუშაობის ეფექტურობის გაზრდას“, – განმარტა ვახტანგ თაქთაქიძემ.