230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

467

მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში მართლზომიერად ცხოვრობდნენ მესაკუთრეები გახდნენ.

„იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ამ დრომდე, არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა, ჰქონდათ შიში, რომ კიდევ მოუწევდათ საცხოვრებლის შეცვლა, რაც, რა თქმა უნდა, მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესს ხელს უშლიდა. ახლა კი, უკვე შეეძლებათ საკუთარი ქონება თავად განკარგონ. დაკანონების პროცესი სრულიად ნებაყოფლობითია, იმ შემთხვევაში თუ დევნილ ოჯახს არ სურს არსებული საცხოვრებლის დაკანონება, მაგალითად ფართის სიმცირის გამო, ჩვენ მას განსახლების ალტერნატიულ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას ვაძლევთ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი 800-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უკვე დაუკანონდა. სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში კი, ამ პერიოდში, ჯამში, 5000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.