ტიკარაძე: უახლოეს მომავალში კომისია შეიკრიბება, რომელიც ბავშვების ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს

633

ჩვენ გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და უახლოეს მომავალში შეიკრიბება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში და ზოგადად, ვაქცინაციის კალენდართან მიმართებაში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბავშვების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრმა ასევე განმარტება გააკეთა ციციშვილის კლინიკაში მოთავსებულ სამ ბავშვთან დაკავშირებით, რომელთაგან – ერთის შემთხვევაში, არის “დელტას” შტამი, მეორეს შემთხვევაში – „ბრიტანული“ შტამი, ხოლო მესამე ბავშვზე მიმდინარეობს კვლევა.

“ჯანდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, აკონტროლებს კლინიკების მზაობას. სწორედ, აქედან გამომდინარე ციციშვილის კლინიკა არის განსაზღვრული, როგორც მიმღები დაწესებულება. ამ ეტაპისთვის როგორც არის საზოგადოებისთვის ცნობილი, სამი მოზარდია ციციშვილის კლინიკაში და ამ ეტაპისთვის ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ერთის შემთხვევაში არის “დელტას” შტამი, მეორე შემთხვევაში -„ბრიტანული“, ხოლო მესამე ბავშვზე მიმდინარეობს კვლევა და ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ზუსტად რომელი კორონავირუსის სახეობით არის ბავშვი ინფიცირებული. ექიმები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მცდელობა იქნება შედეგიანი და ძალიან მალე ეს ბავშვები გამოჯანმრთელდებიან. ჩვენთვის საერთაშორისო გამოცდილებიდან არის ცნობილი, რომ “დელტას” შტამი ახალგაზრდებში საკმაოდ ინტენსიურად ვრცელდება.

რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჩვენ გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და უახლოეს მომავალში შეიკრიბება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში და ზოგადად, ვაქცინაციის კალენდართან დაკავშირებით”, – განაცხადა ტიკარაძემ.