ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში სათემო ფონდის მოდელის განვითარება იწყება

923

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით საქართველოში სათემო ფონდების იდეის პოპულარიზაციას იწყებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

სათემო ფონდი მსოფლიოში, სამოქალაქო ორგანიზაციების დამკვიდრებული და წარმატებული მოდელია, რომელიც გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ამ მიზნის მისაღწევად, სხვა დაგეგმილ აქტივობებთან ერთად, გრანტებს გასცემს.

CSRDG-ის წარმომადგენელის, სალომე თოფურიძეს თქმით, თემის განვითარების პროგრამის ინიცირებით 2021-2024 წლებში რამდენიმე სათემო ფონდი შეიქმნება. ფონდების შექმნაში ჩართულნი იქნებიან აქტიური ადამიანები, რომელთაც საკუთარ უბანში/ქალაქში სხვადასხვა გარემოსდაცვითი, ეკონომიკური თუ სოციალური სახის პრობლემების გადაჭრა სურთ.

მისივე თქმით, სათემო ფონდების შექმნამდე დაგეგმილია საინფორმაციო კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის მიზანია გააცნოს ფართო საზოგადოებას ფონდების შესახებ ინფორმაცია და წარმოაჩინოს ის დადებითი გავლენა, რაც სათემო ფონდის შექმნამ შეიძლება იქონიოს.

,,სათემო ფონდი (Community Foundation) გრანტების გამცემი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომლის საქმიანობა კონკრეტული დასახლების, უბნის, ქალაქის, თემის ან მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება. იგი თავს უყრის ადგილზე არსებულ რესურსებს და ამა თუ იმ დასახლების პრობლემების მოგვარებასა და საცხოვრებლად უკეთესი პირობების შექმნას მოახმარს. სათემო ფონდის ძირითადი მახასიათებელი ადგილობრივი რესურსების მოზიდვა და მათი თემში რეინვესტირებაა. სწორედ ეს განასხვავებს მას სხვა ტიპის საზოგადოებრივი ფონდებისაგან.

სათემო ფონდების ინიცირების კამპანია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით”,– განაცხადა სალომე თოფურიძემ.