ამბავი პირველი: ჩემი ქუჩა ახალ ქალაქში

1719

ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

“ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი” – ასე ერქვა სათემო განვითარების ცენტრის (CDC) პროექტს, რომელსაც 2020-2022 წლებში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, თელავში ვახორციელებდით და რომლის მიზანიც ქალაქის ერთი ისტორიული უბნის (მაწანწარა) გამოცოცხლება, მისი ისტორიის, ზეპირი მეხსიერების, არსებული პრობლემების კვლევა და სამეზობლოსთან ერთად მომავლისკენ გახედვა იყო. ბოლოს, ჩვენს ხელში თავმოყრილი ეს უზარმაზარი მასალა წიგნში − “ჩემი ქუჩა, ჩვენი ქალაქი − მაწანწრის უბნის ამბები” გაერთიანდა; წიგნის პრეზენტაცია თელავის საქალაქო ზეიმზე – ერკლეობაზე გაიმართა და პრეზენტაციიდან სულ რამდენიმე დღეში, გერმანიის უკიდურესად აღმოსავლეთ ქალაქში – გიორლიცში გამოვეშურე საკმაოდ ხანგრძლივი ვადით.

ჯერ კიდევ თბილისში ვიყავი, პორტალის – “თვითმმართველობის დროა” – “უსტაბაში” რომ შემითანხმდა, იქიდან შენი ბლოგი გააგრძელე, აქ თუ სოფელ-სოფელ დადიოდი და ჩვენს სოფლებში არსებული ინიციატივების შესახებ გვიზიარებდი შთაბეჭდილებებს, ახლა მანდ ნახე, რა ხდება საინტერესო სათემო და საზოგადებრივი თვითორგანიზების, კულტურის პროგრამებისა და სოფლების განვითარების კუთხით და როცა მოიცლი, მოგვიყევიო.

რა დიდი ძებნა უნდა გერმანიაში მოქალაქეთა ჩართულობის მაგალითებს? ეს ხომ ის ქვეყანაა, რომელზეც სამართლიანად ამბობენ − სადაც სამი გერმანელი, იქ ეგრევე ერთი კავშირიო. მითუმეტეს, მეც სწორედ ამ ამბების საკვლევად და შესასწავლად ვარ წამოსული გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ხელშწყობით. მოკლედ, შევთანხმდით და მეც გადავწყვიტე, საქსონიის, ან უფრო − ზემო ლაუზიცის და გიორლიცის ქრონიკები, მაწანწრის უბნისა არ იყოს, ჩემი ქუჩიდან, იაკობშტრასედან დავიწყო.

ინდუსტრიალიზაციის კვალდაკვალ განვითარებულ ამ უბანში, ძველ ქალაქსა და რკინიგზის სადგურს შორის რომ გაუშენებიათ, ჭიშკრითა და ღობით შემორაგულ მოზრდილ ეზოში სამსართულიანი სახლი დგას. ერთ-ერთ სართულზე  – 8-ოთახიანი საერთო საცხოვრებელი მოუწყვიათ ამ სივრცის მეპატრონეებს: ოთახებიცა და საერთო გამოყნების სივრცეებიც (მაგ. დერეფანი, სამრეცხაო, სამზარეულო) სრულად აღუჭურვიათ ავეჯითა და ტექნიკით და აქ თანაცხოვრების, ყოველდღიური ქცევის, ნაგვის გადაყრის, ხმაურის, რეცხვისა თუ სხვა ყოფითი წესები გერმანული გულმოდგინებით და სიზუსტით გაუწერიათ. გინდა აქ ცხოვრება? ეს წესები ამ პერიოდში კანონად უნდა იქციო. თავიდან გულში გამეცინა ამ სკრუპულოზურად აღწერილ ნიუანსებზე, მაგრამ მერე, როცა ჩვენი (ჩემი და ჩემი 16 წლის შვილის) გიორლიცური ყოველდღურობა დაიწყო, მივხვდი: ეს სიზუსტე, ყველაფერზე ნაფიქრი და ალბათ, წლების გამოცდილებაზე დაფუძნებული წესები, ამ სივრცეში უცხო ადამიანების თანაცხოვებას მხოლოდ ამარტივებს და გაცილებით კომფორტულს ხდის; შეგვახსენებს, რომ ამ სახლში, ამ მიკროთემში მარტოები არ ვართ და ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევისკენ გვიბიძგებს.

იაკობშტრასე 1750 წლის რუკებზე უკვე მოჩანს პატრა ქუჩაბანდის სახით. დროთა განმავლობში უფრო და უფრო განვითარდა. სახლების დიდ ნაწილს აქ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მთელი გერმანიის მსგავსად, აქაც შეხვდებით “საბორძიკო ქვებს”, რაც ქალაქის ისტორიაში ნაციონალ-სოციალიზმის კვალზე და იმაზეც მიანიშნებს, წლების წინ ქუჩის მცხოვრებთა შემადგენლობა გარკვეულწილად და იძულებით შეიცვალა. თავისი კვალი ქალაქს და ქუჩას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროსაც დაეტყო. ერთ დროს ვაჭრობით განთქმულ ქალაქში (უფრო წვრილად სხვა დროს იყოს) სამეწარმეო სულისკვეთება თითქოს მინელდა. გერმანიის გაერთიანებას და ტრანსფორმაციის პერიოდს მოყოლილი უამრავი გამოწვევა ამ მხარის პატარა ქალაქებს განსაკუთრებით დაეტყო. თუმცა, პრობლემებს თან ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებობებიც მოჰყვა.

იაკობშტრასე, უკვე რამდენიმე წელია, სამეზობლო თვითინიციატივით გამორჩევა; ეს ინიციატივა ქუჩის ზეიმს და ამ ზეიმში მოქალაქეების ჩართულობას, ზეიმის სწორედ მათთვის და მათი მონაწილეობთ ჩატარებას და ამით ქუჩის გნვითარებას გულისხმობს. (წლების წინ საქართველოს ერთ პატარა ქალაქში ჩანიშნული ადგილობრივი ფესტივალი, ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე გადადო ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რადგან იმ დღეს, თურმე, გუბერნატორს არ ეცალა და გუბერნატორის გარეშე ქალაქის ზეიმის ჩატარება მათთვის სრულიად წამორუდგენელი იყო, სამწუხაროდ).

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დანარჩენი მიწებისა არ იყოს, საქსონიასაც გაუჭირდა 1990-იანებში. სისტემურმა და სტურქტურულმა ცვლილებამ, ეკონომიკის ვარდნამ და საზღვრების გახსნამ ახალგაზრდები და არა მარტო, აქედანაც “გაიტყუა”. ამბობენ, აქაური ქალაქები გაცილებით მეტ მაცხოვრებელზეა გათვლილი, მეტ ადამიანს იტევსო. ასეც იქნება, არის უბნები და ქუჩები, სადაც სეირნობისას სიცარიელის განცდა არ გტოვებს. მრავალბინიანი სახლებიც კი შეგხვდება გამოკეტილი და ჩამოკონკილი.

დეცენტრალიზირებული მმართველობის სისტემაში, ქალაქებს, მიწებს თუ სოფლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობა, კერძო ბიზნესი, თემი, ანუ საქალაქო ცხოვრების ყველა რგოლი, ყველა მოთამაშე იააზრებს პრობლემებს და გამოსავალზეც, როგორც წესი, ერთად, ან შეთანხმებულად მაინც ფიქრობენ (ახლა გიორლიცის მუნიციპალიტეტის ორი ქალაქი, თავად გიორლიცი და ასევე, ქალაქი ჰერნჰუტი აპირებენ იუნესკოში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მოსაპოვებლად განცხადების შეტანას. წარმოიდგინეთ, ჩვენთან, რომელიმე მუნიციპალური ცენტრი, მაგ. სიღნაღი, რომ აპირებდეს იგივეს და მაგ. ქვემო მააჩხაანმაც პარალელურად მოინდომოს და კონკურენცია გაუწიოს მას, რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა (ჩააგდებდნენ!) თუნდაც სოფლის თავი, ან ვინმე ადგილზე გადაწყვეტილების მიმღები, ვისაც ამგვარი ინიციატივა გაუჩნდებოდა. აქ კი ეს იმიტომაც არის შესაძლებელი, რომ გარდა მაღალი პოლიტიკური კულტურისა, თვითმმართველობა მართლაც თვითმმართველობას ნიშნავს და თვითმმართველი ქალაქი და თემი კი ბევრია).  

ასეთია 2017 წელს წამოწყებული ინიციტავაც სახელად “შენი იაკობშტრასე ზეიმობს”, რომელიც ქუჩის, სამეზობლოს ერთდღიან ფესტივალს გულისხმობს. ინიციატივა  ქალაქის ადმინისტრაციას, ქალაქის განვითარებაზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ამ ქუჩის კერძო მეწარმეებს, სავაჭრო ობიექტებს აერთინებს. ამ ინიციატივის მიზანია ქუჩის სავაჭრო პროფილის წინ წამოწევა. პარალელური, (ბერლინის) ქუჩა საფეხმავლო და სავაჭრო ზონაა. იაკობშტრასელებს (ძირითადად ადგილობრივი სავაჭრო ობიექტები) უნდათ, რომ ქუჩა ამ ერთიან სავაჭრო-სამრეწველო კონტექსტში განვითარდეს და უფრო გამოცოცხლდეს. ამისათვის კი თვითორგანიზება არის საჭირო. ყოველწლიური ფესტივალიც ამ მიზანს ემსახურება, ამიტომაც გაერთიანდნენ სავაჭრო და მომსახურების სფეროში ჩართული მეწარმეები და ყოველწლიური ზეიმის დაფუძნებით, ქუჩის სიცოცხლისუნარიანობას, აქ ქალაქური ცხოვრების ატმოსფეროს გაძლიერებას ცდილობენ.

ქუჩაზე მოქმედ თითქმის ყველა ობიექტს, საზეიმო დღეს ნაწარმი გარეთ გამოაქვს და განსაკუთრებული ფასდაკლებითა თუ სხვა წამახალისებელი აქციებით სთავაზობს დამთვალიერებლებს. ეს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მეწარმეები − ტანსაცმლის მაღაზია, კაფე, ტატუს სტუდია, აფთიაქი, ფოსტის ფილიალი, შინაურული ლიმონათებისა თუ სათვალეების მაღაზია, ორთოპედიული თუ მასაჟის ცენტრი  − იაკობშტრასეს ბინადრები არიან, ისინი, გარკვეულწილად, თავად არიან იაკობშტრასე და ზოგადად − ქალაქიც.

2021 წელს გიორლიცი 950 წლისთავის ზეიმს აპირებდა, მაგრამ პანდემიის გამო ხალხმრავალ ღონისძიებებზე უარის თქმა მოუწიათ, თუმცა, მოსამზადებელი სამუშაო მაინც ჩატარდა და ამ პროცესში ქალაქმა ზეიმის ჩატარების წესიც შეიცვალა. მას აღარ ეყოლებოდა ერთი ორგანიზატორი, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, ან ზოგადად ხდება ხოლმე. ქალაქმა მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობას დუჭირა მხარი, ნდობა გამოუცხადა მათ და მოქმედების, ჩართულობის ფორმატებიც შესთავაზა.

მიზანი ამბიციურია: მომზადდეს ისეთი მრავალმხრივი, ფანტზიით სავსე პროგრამა, რომელიც კარგად გადმოსცემს ამ ქალაქის საზოგადოების მრავალფეროვნებას”. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “სამოქმედო ჯგუფი გიორლიცისათვის” (Aktionskreis für Görlitz. მათ შესახებ სხვა დროს უფრო ვრცლად) – ქუჩის ზეიმისათვის იდეების კონკურსი გამოაცხადა, საც 164 განაცხადი შევიდა და 35-მა მიიღო კიდეც მხარდაჭერა. “მრავალფეროვანი პროექტები შესანიშნავი დასტურია მოქალაქეთა აქტიურობისა” ვკითხულობთ იდეის ავტორებისა და ქალაქის მესვეურების გახარებულ კომენტარებს.

საიუბილეო პროგრამა იაკობშტრასესაც შეეხო. ინტერნეტში შემორჩენილი ძველი ანონსი გვაცნობს ქალაქის სურვილს − რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნოს ქუჩის ისტორიას: “ქალაქის 950 წლის საიზემო თარიღთან დაკავშირებით, ქუჩის ზეიმი იაკობშტრასეს ისტორიის გააზრებას დაეთმობა. საიდან მოდის მისი სახელი? რა მნიშნველობა ენიჭებოდა ამ ქუჩას უწინ? როგორ იცვლებოდა ის დროის განმავლობაში? ქუჩის ჩაყოლებაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ქუჩის ისტორიას”.

გიორლიცში პირველად 2019 წლის 21 სექტემბერს მოვხვდი. სადგურიდან  ბერლინის ქუჩას შეევუყევით და მერე სწორედ იაკობშტრასეზე გადმოვედით. ამ დღეს სწორედ ის ქუჩის ფესტივალი იმართებოდა, ახლა რომელზეც ვწერ. დილა იყო და მაღაზიების წინ დახლებს შლიდნენ. ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილიყო. ჩემი მასპინძელი ამ ინიციატივის შესახებ მიყვებოდა, თუმცა, უცხო ქალაქში თვალების ცეცებით გართულმა, მაშინ კარგად ვერ გავაიზრე შინაარსი. არც ქუჩის სახელი დამამახსოვრდა. სულ რამდენიმე წლის მერე, თურმე, შემთხვევით, სწორედ ამ ქუჩაზე უნდა დამედო ბინა და ქუჩის ფესტივალზე, როგორც სამეზობლო თვითორგანიზების კარგ მაგალითზე, მეტი წამეკითხა.

ზემოთაც ვწერდი, თელავში ერთი უბნის, ქუჩის განვითარებაზე, ანუ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ვმუშაობდით და მთელ იმ პროცესში ვფიქრობდი, რომ სწორედ ამ მიკროდონეზეა საჭირო სათემო თვითორგანიზება. საუბნო და სამეზობლო ინიციატივები შეიძლება ჩვენი, ხშირად ჩამკვდარი, ფუნქცია- და სამომავლო “ორიენტირებდაკარგული”დაბებისა და ქალაქების განვითარების ბიძგად იქცეს. თუნდაც ეკონომიკური საჭიროებებიდან გამომდინარე, უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნის იდეის გარშემო რომ შეძლონ გაერთიანება ერთი ქუჩისა თუ უბნის მცხოვრებლებმა თუ მცირე მეწარმეებმა, ეგებ შესაძლებელი გამხდარიყო, ჩვენი პატარა ქალაქების გამოცოცხლება და შეუქცევადი განვითარება?