ბოლნისში ძველ გერმანულ შენობას, რომელშიც წლების წინ სომხური სკოლა იყო განთავსებული, რეაბილიტაცია ჩაუტარდა

396

ქალაქ ბოლნისის ისტორიულ ნაწილში მდებარე ძველ გერმანულ შენობას, რომელშიც წლების წინ სომხური სკოლა იყო განთავსებული, ქართულ-გერმანული თანადაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე გერმანული მხარის დაფინანსებით, შენობა გადაიხურა, საძირკველის კონსტრუქციული გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა, ფასადი რეაბილიტირდა და შენობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა მოხდა.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნავენ, დასკვნით ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობის ძალისხმევით, შენობის შიდა ინტერიერი მოეწყო, სადაც ცენტრალური გათბობისა და ვინტილაციის სისტემები დამონტაჟდა, ასევე მოწესრიგდა ეზო და სარდაფი.

„რეაბილიტირებული ძველი გერმანული შენობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარემ ოლივერ რაისნერმა, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა დაათვალიერეს. ყოფილი სომხური სკოლის შენობაში ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 356 000 ლარი გამოყო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.

„თითოეული ბოლნისელი ამაყობს ჩვენი ქალაქის გერმანული წარსულით, ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ქალაქში არსებული გერმანული ძეგლები შეინარჩუნოს. მოხარული ვარ, რომ ყოფილი სომხური სკოლის ისტორიულმა შენობამ ახალი სიცოცხლე შეიძინა. ქართული და გერმანული მხარის ერთობლივი ძალისხმებით, შენობა რეაბილიტირდა და მალე აქ ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრი გაიხსნება. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო გერმანიის ელჩს საქართველოში ბატონ ჰუბერტ ქნირშს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული და სწორედ მასთან ერთად მოვინახულეთ უკვე გარემონტებული ძველი გერმანული შენობა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი გერმანულ მხარესთან აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ერთად ბოლნისისთვის კლავ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.