სოფლის მეურნეობის სამინისტო: გორის სოფელ კვარხითში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა

466

სახელმწიფო ხელშეწყობით შიდა ქართლის რეგიონში ახალი სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხითში, ახლად გახსნილი სამაცივრე მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა.

„ჩვენი პოლიტიკა არა ფრაგმენტული, არამედ თანმიმდევრული და სისტემურია. ამის მაჩვენებელია ის, რომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან მესამე წელს, უკვე შემნახველი და სამაცივრე მეურნეობების თანადაფინანსება დავიწყეთ. ამ წლების განმავლობაში, თანადაფინანსებით რამდენიმე მეურნეობა შეიქმნა, ხოლო 2021 წელს უფრო მეტი განაცხადი და დაინტერესება მივიღეთ. ეს იქნება მზარდი პროგრესი, რადგან თანამედროვე, ინტენსიური ბაღები, რომელიც ჩვენ გავაშენეთ, დაახლოებით, 14-15 ათასი ჰექტარია და საჭიროებს ადეკვატურ შემნახველ-გადამამუშავებელ ინფრასტრუქტურას. ეს ნიშნავს, რომ „ტირიფონის ხილის“ მსგავსი თანამედროვე სამაცივრე მეურნეობა ასეულობით გვჭირდება. ხელისუფლების ათწლიანი გეგმაც ზუსტად ამას ითვალისწინებს, რომ თანმიმდევრულად, მიწოდების ჯაჭვში სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებული იყოს ყველა საჭირო კომპონენტი, რათა ქართული პროდუქცია იყოს მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის „ტირიფონის ხილი“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

მათივე ცნობით, საწარმო აღჭურვილია იტალიური და გერმანული წარმოების სამაცივრე დანადგარებით.

„საწარმოში 1,000 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი. სამაცივრე მეურნეობას გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მიღებული აქვს 600,000 ლარის გრანტი, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 1,5 მლნ ლარს შეადგენს. ტექნიკური დახმარების პროგრამით, სამაცივრე მეურნეობაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების ISO 22 000 დანერგვა მიმდინარეობს.

სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხარდაჭერილია 50-მდე სამაცივრე და შემნახველი მეურნეობა; დაფინანსება, ჯამურად, 23.8 მლნ ლარს აღემატება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.