შიდა ქართლის მოსახლეობას კარბის რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება. შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გორის მუნიციპალიტეტში კარბის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია.
პროექტის ფარგლებში 10 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა. არხები გაიწმინდა ნატანი მასისგან და რკინაბეტონის ღარებით მოპირკეთდა; მოეწყო ტიპური ნაგებობები, წყალაღებისა და წყალგანაწილების კვანძები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ კარბისა და მერეთის ნაწილის 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.
პროექტის ღირებულებაა 468 700 ლარი.
საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებსა და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, დავით წითლიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეცნენ.