„განახლებული რეგიონები“ ფარგლებში 12 მუნიციპალიტეტისთვის პროექტები დამტკიცდა

175

პრემიერმინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი ურბანული განახლების კონკრეტული პროექტების დამტკიცება დაიწყო. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

3 ივლისს ჩატარებულ სხდომაზე დამტკიცდა გურიის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და კახეთის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე, ტყიბულის ურბანული განახლების კონცეფციები.

სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, სახელმწიფო რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების მერები და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულმა სამშენებლო/საპროექტო კომპანიებმა კომისიას წარუდგინეს კონკრეტული არეალების ურბანული განვითარების კონცეფციები და ესკიზები.

კონცეფციებისა და ესკიზების დამუშავებისას კომპანიებმა აქტიურად ითანამშრომლეს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რათა მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებები და სპეციფიკა.

საბოლოო განხილვის საფუძველზე, კომისიამ დაამტკიცა 12 მუნიციპალიტეტში შერჩეულ არეალებში განსახორციელებელი პროექტების კონცეფციები, რომლებზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამაჯვებული კომპანიები ივლისის ბოლომდე დაიწყებენ.

კომისია მუშაობას მიმდინარე კვირაშიც გააგრძელებს კიდევ 50 მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების/კონცეფციების დამტკიცების მიზნით.

4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.