თელაველები ანტისანიტარიაზე ჩივიან და მერიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ

244

თელავში კავკასიონის დასახლებაში მცხოვრები ოჯახები მიმდებარე ტერიტორიის ეკალ–ბარდისა და ნაგვისგან გაწმენდას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია, რომელიც დაბინძურებული და ქვეწარმავლებით სავსეა, საცხოვრებელ კორპუსებთან და დასასვენებელ სკვერთან ახლოსაა, რაც საფრთხის შემცველია.

” სავსეა აქაურობა ეკალ- ბარდით და ქვეწარმავლების თავშესაფრადაა გადაქცეული. იქვეა ბავშვთა დასასვენებელი სკვერი. აქა-იქ გუბეები დგას, სადაც ნაგავი ყრია და რა ბინადრობს, კაცმა არ იცის. რამე დაავადება უნდა გაჩნდეს აუცილებლად, ან ვინმეს რამე შეემთხვეს, რომ მოგვხედოს მერიამ? “- ამბობენ დასახლების მცხოვრებლები.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში “რადიო ჰერეთს” განუმარტეს, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნობიან და შესაბამის ღონისძიებებს გაატარებენ.

პრეტენზიები, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მისამართით, ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე, განსაკუთრებით გახშირდა.

მოსახლეობა გარკვეული ტერიტორიების შეწამვლასა და დასუფთავებას სულ უფრო ხშირად ითხოვს.