დაგეგმილია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების პასპორტიზაცია

319

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მიწის ნაკვეთების პასპორტიზაცია. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

მისი თქმით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 2020 წლის პირველ იანვარს შეიქმნა, ხოლო მიმდინარე ეტაპზე უწყების ინსტიტუციური მოწყობა მიმდინარეობს.

„პროგრამის „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ ფარგლებში შეიქმნება მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზა და დაიწყება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და მათი საკადასტრო მონაცემების რეესტრის, ანუ პასპორტიზაციის პროცესი. დაგეგმილია მიწის ბალანსის, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შედგენა და გამოქვეყნება 2024 წლის 1 ივლისამდე.

ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ქარსაფარი ზოლების აღრიცხვა, მისი მდგომარეობის შესწავლა და რეგისტრაცია. აღნიშნული პროგრამის დასრულება გათვალისწინებულია 2025 წლისთვის. მიმდინარე წლის ივლისში საპილოტე პროგრამა დაიწყება თელავის მუნიციპალიტეტში, რაც დაახლოებით 430 ჰა-ს მოიცავს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.