“გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, 2030 წლამდე, სახელმწიფო 700 მლნ ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს”, – ამის შესახებ ნათქვამია “გარემოს დაცვის და სოფლის განვითარების პროგრამა – 2030-ში”, რომლის პრეზენტაციაც ხუთშაბათს, 1 ივლისს გაიმართა. ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს.
გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი გეგმით, გათვალისწინებულია შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების მეტი მხარდაჭერა; „უახლოესი 10 წლის განმავლობაში, დარგში 1,7 მლრდ ლარის ინვესტირებაა დაგეგმილი, საიდანაც სახელმწიფოს წილი 700 მილიონზე მეტია. შედეგად, ქვეყანაში კიდევ მეტად გაიზრდება ადგილობრივი წარმოება.
დღეისათვის, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით, მიმდინარე საკრედიტო პორტფელი 1,3 მლრდ ლარამდეა, რაც 22-ჯერ აღემატება 2012 წელს სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ საკრედიტო პორტფელს (57 მილიონ ლარს). სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, შექმნილია/გადაიარაღებულია და ფუნქციონირებს 1000-ზე მეტი საწარმო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარდა ამისა, პროგრამაში ნათქვამია, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.
„სახელმწიფოს მხრიდან გაგრძელდება და შემუშავდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიზნობრივი პროგრამები, რაც გულისხმობს ყველა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას; 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება, საიდანაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 700 მლნ ლარია.
დღეის მდგომარეობით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, 900-მა ბენეფიციარმა შეიძინა ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები, თანადაფინანსების თანხამ 28 მლნ ლარზე მეტი შეადგინა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროგრამის ფარგლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტების შესაძენად ჯამში, გაცემულია 124 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ორი ათასზე მეტი სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 12 მლნ ლარს აღემატება.
მთავრობის პროგრამის თანახმად, დაახლოებით, 500 ათას ჰექტრამდე გაიზარდება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურებით დაფარული მიწის ფართობი.
“უზრუნველყოფილი იქნება 3,7 მლნ ტონამდე წარმოება – ძირითადად, საექსპორტო და იმპორტჩანაცვლების პოტენციალის მქონე კულტურებით, რაც მოიცავს, როგორც სასურსათო პროდუქციას, ასევე, ცხოველთა საკვებწარმოების მიმართულებას.
დღეისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი მრავალწლოვანი ხეხილის ნარგაობა და ერთწლოვანი კულტურების ნათესი ფართობი 300 ათასი ჰექტარს აღემატება. მათ შორის, მხოლოდ პროგრამით „დანერგე მომავალი“ ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი 14 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა“, – ნათქვამია პროგრამაში.
რაც შეეხება აგროდაზღვევას, სამინისტროს ინფორმაციით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის 31 მაისის მდგომარეობით, 113,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობზე სადაზღვევო პრემია 78 მლნ ლარს აღემატება, ხელშეკრულებით სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 53 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, ანაზღაურებული ზარალის ოდენობაა 56 მილიონ ლარს აღემატება.