დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 110 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ სამთვიანი ვადა მიეცათ.
„სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა გავზარდეთ და წლის ბოლომდე, დამატებით, 1000-ზე მეტ სახლს შევისყიდით“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, „სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადის შევსება დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.