რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლით სხდომას მესტიაში მართავს

329

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი რეგიონებში გასვლით შეხვედრებს აგრძელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ილია ბეგიაშვილის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფონდის (რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი) დაფინანსებით, შედარებით მცირე, მაგრამ მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, რომელთა რაოდენობამ 285 ერთეული შეადგინა და 100 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. ამავე პერიოდში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 1925 პროექტისთვის 13.2 მილიონი ლარი გამოიყო. რაც შეეხება მიმდინარე წელს, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, რეგიონში 147 პროექტის განხორციელება და 48.7 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელებული სამუშაოები შეაფასა და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, კომიტეტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს დადებითად აფასებს, თუმცა რეგიონების განვითარების კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

„მუნიციპალიტეტებში გამოცდილება და პროფესიონალიზმი დაგროვდა, ადგილობრივი გამოცდილი კადრების გადინება რომ არ მოხდება, ხელფასების ზრდა უნდა მივაყოლეთ. კომიტეტი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ერთ მხარეს დგას, ფინანსთა სამინისტროსთან კი პარლამენტს დამატებითი მუშაობა მოგვიწევს. მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის მუნიციპალიტეტებს მეტი უფლებამოსილება გადავცეთ და ამ მიმართულებით სამუშაოები უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.