21 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამი სახის 11 მილიონამდე ბიულეტენი დაიბეჭდება

761

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამი სახის ბიულეტენი დაიბეჭდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ განუცხადა, ჯამში 11 მილიონამდე ბიულეტენის დაბეჭდვაა დაგეგმილი.

„ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ერთდროულად სამი სახის ბიულეტენს. კერძოდ, პროპორციული სიებისთვის, მაჟორიტარული ერთმანდატიანი ოლქებისთვის და ასევე იქნება მერის ასარჩევი ბიულეტენი. ამ სამი სახეობის არჩევნების გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაცია 11 მილიონამდე ბიულეტენს დაბეჭდავს. ჯერ კიდევ აგვისტოდან დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ბიულეტენების დროულად, შეუცდომლად დაბეჭდვა ყველა იმ რეგიონის მიხედვით, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს და, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იყოს უსაფრთხოება. ბეჭდვის პროცესს, კანონმდებლობის მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაციები დააკვირდებიან. ასევე, გაიგზავნებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, რომ ეს პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად და კანონის შესაბამისად. დაბეჭდვის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ ყველაფრის დისტრიბუციას, რაც არ არის ადვილი საქმე. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ბიულეტენი, ყველა შეკვრა მივიდეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც არის მისთვის კანონით განსაზღვრული ადგილი. სქემა, ყველა ეს საკითხი როგორ განხორციელდეს, უკვე დალაგებულია“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

გიორგი შარაბიძის თქმით, ბიულეტენები 10-მდე სტამბაში დაიბეჭდება.

„ჯერჯერობით ბიულეტენების ბეჭდვას ვერ დავიწყებთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არჩევნებამდე 12 დღით ადრე კანდიდატებს უფლება აქვთ არჩევნებიდან მოხსნან საკუთარი კანდიდატურა, რა შემთხვევაშიც მათი სახელები და გვარები აღარ უნდა იყოს ბიულეტენში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ დამზადდება შესაბამისი ბიულეტენების, ასე ვთქვათ, ჩარჩო ფორმები და ეს ფორმები გადაიგზავნება დასაბეჭდად.

დაბეჭდვა მოხდება 10-მდე სტამბაში. ჯერ კიდევ არ დამთავრებულა შერჩევის პროცესი. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის უსაფრთხოება, გაცემის ტერიტორია უნდა იყოს მოწყობილი შესაბამისად და ა.შ. ამ ყველაფერს ჩვენ ვიკვლევთ და ნამდვილად იქნება უზრუნველყოფილი, რომ რაიმე საფრთხე არ შეექმნას ბიულეტენების ბეჭდვას“, – აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

საქართველოში საარჩევნო ასაკის მქონე 3 მილიონ 400 ათასზე მეტი ამომრჩეველია. 21 ოქტომბერს საკრებულოების გარდა 64 მერის არჩევა მოხდება

წყარო: ინტერპრესნიუსი