ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მონიტორინგის ცენტრმა სატრანსპორტო სერვისების დახვეწის მიმართულებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას რეკომენდაციები წარუდგინა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ რეკომენდაციები პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის ფარგლებში მომზადდა. მისი თქმით, კვლევაში მონაწილეობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კოლეჯის სტუდენტებმა მიიღეს, რომლებმაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თელავში 500 პირი გამოკითხეს.
მისივე განმარტებით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებული 5 ძირითადი საკითხი, რომლის მოგვარებასაც თელაველები ითხოვენ.
,,თელავის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო სერვისების განვითარებისა და დახვეწისთვის პროექტი განვახორციელეთ. ამ დროის განმავლობაში გვქონდა საქმიანი შეხვედრა როგორც თელავში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ისე უშუალოდ სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ თელავის მუნიციპალიტეტში.
პროექტის განმავლობაში, თელავის უნივერსიტეტის და კოლეჯის სტუდენტების ჩართულობით, განხორციელდა კვლევა და შემთხვევითი შერჩევის პრონციპით 500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. იყო გამოკვეთილი საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო სერვისების დახვეწისთვის. სწორედ ამ კვლევის ფარგლებში მოვამზადეთ სარეკომენდაციო ნაწილიც.
მაგალითად: აუცილებელია გაიზარდოს სატრანსპოტრტო გადაადგილების ხანგრძლივობა, დაინერგოს საშეღავათო სატარიფო სისტემა გარკვეული ჯგუფებისთვის, მოგვარდეს ცენტრალურ ადგილებში პარკირების პრობლემა და სხვა. ერთ-ერთი რეკომენდაცია ასევე არის ის, რომ ტრანსპორტი და გაჩერებები უნდა იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
კიდევ ერთი ხელშესახები რეკომენდაცია არის ის, რომ ხალხი ითხოვს მუნიციპალურ ტრანსპორტს დაემატოს თელავის მიმდებარე სოფლების მიმართულებით მარშრუტები. ასევე მოხდეს როგორც დამონტაჟება, ისე განვითარება უკვე არსებული გაჩერებების თავისი სადისპეჩერო ცენტრებიანად და ტაბლოებიანად”,- განუცხადა Kნეწს.გე-ს გიორგი კაკაურიძემ.
იგი განმარტავს, რომ აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
,, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა და მიმღებლობა დიდი იყო პროექტის მიმდინარეობის დროს, ახლაც დაეთანხმნენ რეკომენდაციებს და ხელი მოაწერეს ამ დოკუმენტს. ჩვენ მზად ვართ მათთან მომავალშიც ვითანამშრომლოთ. ასევე ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით დავეხმაროთ მუნიციპალიტეტს სატრანსპორტო სერვისების გაძლიერებაში”,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ადვოკატირების პროგრამას თელავის მუნიციპალიტეტში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მონიტორინგის ცენტრი ევროკავშირის დახმარებით, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს.