ბათუმში, ხახულის ქუჩაზე ადგილობრივები სანიაღვრე არხისთვის დამცავ ჯებირებს ითხოვენ

846

ბათუმში, ხახულის ქუჩაზე მოქალაქეებისათვის რისკის შემცველი სანიაღვრე არხია. საქმე ისაა, რომ იგი ღიაა და დამცავი ჯებირები არ აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხახულის არხი ავტოსაგზაო შემთხვევების ხშირი მიზეზია. რატომ არ იზრუნა ხელისუფლება დღემდე, ამ პრობლემის მოგვარებაზე? ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ერთი ჯებირი სანიაღვრე არხის სათავესთანაა განთავსებული, თუმცა, რას ემსახურება, არც ადგილობრივებმა იციან და ვერც ჩვენ გავიგეთ. მეორე დამცავი კედელი კი, პირველიდან დაახლოებით სამასი მეტრის შემდეგ გვხვდება. როგორ იცავს ეს ერთეული კონსტრუქციები, მოქალაქეების და მძღოლების უსაფრთხოებას, გაურკვეველია. ორი დღის წინ აქ ინცინდენტიც მოხდა, ავტომობილი ღია სანიაღვრე არხში გადავარდა.

ღია არხი არც გაწმენდილ მდომარეობაშია. მრავლად არიან ამფიბიები. მოქალაქეები იმასაც ამბობენ, რომ ხახულის ქუჩაზე ქვეწარმავლებსაც ხშირად ხვდებიან. ყველაზე მეტად პატარების სახლიდან გასვლა აშინებთ. ამბობენ, რომ ხელისუფლება ცრუ დაპირებებს ყოველწლიურად უხვად გასცემს, ქმედითი ნაბიჯებს კი ვერაფერში ხედავენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებს დაპირებების გაცემა არ ეშურებათ, – ამბობენ ოპოზიციაშიც.

გიორგი კირთაძის თქმით, რეგიონის მთავრობამ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა ვერა და ვერ მოაგვარა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, მმართველმა გუნდმა ვერც ის შეძლო, რომ მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ადგილზე ჯებირები განეთავსებინა. კირთაძე ვარაუდობს, რომ ადგილობრივები წინასაარჩევნოდ ისევ ცრუ დაპირებებს მიიღებენ.

რა ბედი ელის საფრთხის შემცველ ღია სანიაღვრე არხს? ამ კითხვით ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურს მივმართეთ. პასუხისმეგებელი პირები, როგორც ყოველთვის, ახლაც “მაცნე“-ს ჩართული კამერის წინ სასაუბროდ მზად არ აღმოჩნდნენ.