2012-2021 წლებში, საქართველოში დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად – 293 476 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის, 798 287 ჰა-ს შეადგენს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია. შემუშავებული გეგმის თანახმად, 2030 წლამდე, დაცული ტერიტორიების ფართობის 1 მილიონ ჰექტრამდე გაიზრდება და ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 17%-ს მიაღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულის პარალელურად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს, რომ საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას: კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს, რაც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აღიარება იქნება და საქართველოს დაცული ტერიტორიების ცნობადობას გაზრდის.
უწყების ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს სამომავლო გეგმის ნაწილია ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ერთიანი ბაზის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ძირითადი სახეობებისა და ჰაბიტატების ეფექტიან შესწავლას და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვას.
„დაგეგმილია, ეტაპობრივად განხორციელდეს დაცულ ტერიტორიებზე ტყეების ინვენტარიზაცია და მომზადდეს ტყის მართვის გეგმები, რათა მოხდეს ტყის რესურსების მდგრად მართვა და, საჭიროების შემთხვევაში, აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება.
საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით საქართველოს დაცული ტერიტორიების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, დაგეგმილია რეინჯერების გადამზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; რეინჯერები აღიჭურვებიან ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით და თანამედროვე სმარტტექნოლოგიებით, რომელთა დანერგვაც უკვე მიმდინარეობს; 2013 წლამდე, დაგეგმილია რეინჯერთა რაოდენობის 50%-ით გაზრდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 5-ჯერ გაიზრდება.
მათი ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 28 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა; გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტები; საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროსაბჭოს ლანდშაფტების კონვენციის კონკურსის გამარჯვებული გახდა; დაინერგა და განვითარდა ახალი ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები, შედეგად, 2019 წელს, ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ, 1.2 მილიონ ვიზიტორს მიაღწია.
„მომავალ წლებში, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი, დაახლოებით, 212 000 000 ლარს შეადგენს, საიდანაც, 49 000 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებია. ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას; შესაბამისად, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა საპროგნოზო მაჩვენებელი 5-ჯერ გაიზრდება და 8 მილიონს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული კერძო ინვესტიციების მოცულობა 142 მილიონ ლარია. არსებული პროგნოზით, 2030 წლამდე, ინვესტიციები მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება და 429 მილიონ ლარს მიაღწევს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.