„საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა 2023 წლიდან იგეგმება. ტყის ახალი კოდექსის და სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეს მერქნული რესურსით ორგანიზებული სარგებლობა წარმოადგენს.
მერქნული რესურსით სარგებლობის სწორი განვითარება, რაც მოიცავს ხე-ტყის დამზადებასა და მასთან დაკავშირებულ დამატებით ღირებულებებს, როგორიცაა ხე-ტყის ნარჩენით ბიომასისა თუ სხვა პროდუქტების წარმოება, ასევე, ხე-ტყის მეორადი გადამუშავება, მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს მერქნის ლეგალური ბაზრის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.
სოციალური ჭრები, რაც გულისხმობდა მოსახლეობის მიერ შეშის საკუთარი ძალებით დამზადებას, ეტაპობრივად გაუქმდება. ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას „საქმიან ეზოებში“, ქვეყნის მასშტაბით უკვე მოეწყო 26 „საქმიანი ეზო“, რასაც წლის ბოლომდე კიდევ ათი დაემატება.
„საქმიანი ეზოებიდან“ მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის შეძენაზე სრულად გადასვლა 2023 წლიდან იგეგმება. სააგენტო მუშაობს ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს შეშა და ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებით.
2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებები განხორციელდება
საქართველოს მიერ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი, ითვალისწინებს, 2030 წლამდე, წინასწარ გამოვლენილ 1,500 ჰა-ზე ტყის გაშენებისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელებას; აგრეთვე, 7,500 ჰა ტყის ფართობზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოხდეს ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენა.
შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტოს გეგმაა, ყოველწლიურად, 150 ჰა ტყის გაშენება და ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენის ხელშეწყობა.
ტყის აღდგენის ღონისძიებები ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით; ეწყობა ტყის დროებითი სანერგეები, ხორციელდება ტყის გაშენება, ტარდება ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები, იქმნება სწრაფმზარდი მცენარეების (აკაცია) პლანტაციები.
2013 წლიდან დღემდე, დროებითი სანერგეები მოწყობილია 6.4 ჰა ფართობზე, ტყის აღდგენა-გაშენება განხორციელდა 590.27 ჰა-ზე, ტყის აღდგენილი და გაშენებული ფართობების მოვლა განხორციელდა 833.41 ჰა-ზე.
ბოლო წლების განმავლობაში, ტყის აღდგენის მხრივ ყველაზე სენსიტიურ ბორჯომის ხეობაში 2008-2017 წლებში ნახანძრალი ტერიტორიაა. 2018-2020 წლებში ტყის აღდგენის კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდა 314 ჰა ფართობზე, ამით სრულად იქნა მოცული პრიორიტეტული მონაკვეთები.