“ბოიკოტს გამოვაცხადებთ და გადასახადს არ გადავიხდით” – ახალციხეში წყლის პრობლემაზე ჩივიან

345

ახალციხეში მოსახლეობის ნაწილს მეორე კვირაა სასმელი წყლის პრობლემა აქვს, ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის მიწოდების განრიგი შემცირდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი საერთოდ არ მოდის. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი გოგოლაურის თქმით, პრობლემა მაღალ ტემპერატურასა და სასმელი წყლის მოხმარების გაზრდასთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

წყლის მიწოდების შემცირებულ განრიგზე ჩივიან გურამიშვილის, ბაღინაშვილისა და ქეთევან დედოფლის ქუჩებზე მცხოვრებლები. მათი თქმით, სამი საათის ნაცვლად, ახლა მხოლოდ ერთი საათი მოდის.

„ადამიანს ზაფხულში უფრო მეტი წყალი სჭირდება, ვიდრე ზამთარში. წლების წინ  მილები რომ გაიყვანეს შეგვპირდნენ, რომ წყალი 24 საათი გვექნებოდა, ზუსტად არ ვიცით ვინ იყვნენ, მაგრამ მგონი უფროსობა იყო. საქართველო ისეთი ქვეყანაა სადაც მხოლოდ დაპირებები იციან, მაგრამ არ ასრულებენ“, – ამბობს გურამიშვილის ქუჩაზე მცხოვრები კარინე გრიგორიანი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლების თქმით, ბასეინში, სადიანაც ქალაქის მოსახლეობა მარაგდება, წყალი არ არის. მიზეზი კი მათთვის უცნობია. „ვურეკავთ უფროსს, მაგრამ დაკავებაა და არ გვპასუხობს. არანაირი პასუხი, არანაირი პასუხისმგებლობა. ვინც ბასეინიდან უშვებს წყალს ის გვეუბნება, რომ არ არის საკმარისი წყლის რაოდენობაო. ადრე 3–4 საათი მაინც მოდიოდა ახლა მხოლოდ 1 საათი. შეიძლება სამსახურში შემცირებები იყოს, მაგრამ წყლის შემცირება პირველად გავიგე“, – ამბობს ერთ–ერთი ადგილობრივი.

მოსახლეობა აცხადებს, რომ პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, გადასახადებს აღარ გადაიხდიან:

„ახლა ჩვენი მთელი უბანი ბოიკოტს, რომ გამოვაცხადებთ და ფულს არ გადავიხდით მერე რას იზავენ?!  გადაგვიკეტავენ წყალს?! გავხსნით, რა პრობლემაა. რისთვისაა ეს ხარჯი, ჩვენ ვიხდით გადასახადებს, მაგრამ წყალი არ მოდის. მაშინ სულ ამოიღონ და ჩვენ გამოვიყვანთ სხვა მილებს და სხვანაირად მოვიქცევით“.

მსგავსი პრობლემა აქვს ქეთევან დედოფლის ქუჩის მოსახლეობასაც. ადგილობრივი თაკო ნარიმანიშვილის თქმით, უკვე 10 დღეა სასმელი წყალი მცირე რაოდენობით მიეწოდებათ, ბოლო სამი დღე კი საერთოდ არ მოსულა:

„დასაბანად ნათესავებთან დავდივართ და დასალევ წყალს სხვა მეზობლებისგან ვიღებ. სადამდე უნდა იყოს ასე?! მათაც მრიცხველი აქვთ. წყალმომარაგების კომპანიაში დარეკეს უბნიდან, მაგრამ არავინ პასუხს არ გვცემს. ძალიან ძნელია, სამი დღეა წვეთი წყალი არ გამოსულა“, – ამბობს იგი.

უკმაყოფილებას გამოხატავენ ბაღინაშვილის ქუჩაზეც. მოსახლეობის თქმით, მათი წყალმომარაგების განრიგი საგრძნობლად შემცირდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი გოგოლაურის თქმით, პრობლემა ზაფხულის ცხელ დღეებში სასმელი წყლის სხვადასხვა დანიშნულებით გახშირებული ხარჯვაა:

„ჯერ რწყავენ კიტრს და პომიდორს და მერე კი ამბობენ, რომ წყალი არ არის. რომ ამბობენ სამი დღეა წყალი არ გვაქვსო, ეს არის სრული ტყუილი, დამაკავშირეთ ამ აბონენტს. მე ნებისმიერ ადამიანს ვპასუხობ, ყველა ზარს. თუ, ზარი შემოდის და იმ დროს ვერ ვუპასუხე გადავურეკავ–ხოლმე. ზაფხულია და სიცხეებია, ყველა ეზოში სარწყავი მილი უკავიათ და რწყავენ. თუ რეზერვუარი აქამდე დაახლოებით 2 საათი ჰყოფნიდა, ახლა მოსწრებაზეა, ვინ მეტს მორწყავს და რეზერვუარიც იცლება, ამ შემთხვევაში რა გავაკეთოთ ჩვენ?!“.

მსგავსი პრობლემა ქალაქ ახალციხეში არაერთი ქუჩის მოსახლეობას აწუხებს. ადიგენის ქუჩის მცხოვრებლებს სასმელი წყალი  ხუთი დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერს, გიორგი გრიგოლაშვილიც მიზეზად ბაღ–ბოსტნების სასმელი წყლით მორწყვას ასახელებს.

„გადახსნილი აქვთ ყველა მილი და გაშვებული აქვთ ბაღ-ბოსტნებში, სამწუხაროდ მე ვერ შევდივარ კერძო ტერიტორიებზე, რომ ეს აღვკვეთო. თუ მოსახლეობამ არ გაიგო, რომ ბაღების მორწყვა სასმელი წყლით არ შეიძლება, ეს პრობლემა არასდროს არ მოგვარდება. რამდენი წყალიც არ უნდა მივაწოდო, მინდორში გაშვებულ მდინარეებს მე ვერ ავავსებ. სამწუხაროდ არ არსებობს სანქცია“, – აცხადებს იგი.

ახალციხის მოსახლეობის თითქმის ნახევარს სასმელი წყალი განრიგით, დილა–საღამოს მიეწოდება, ნაწილს კი 24 საათი აქვს.