ტიკარაძე: მზად ვართ, ივლისიდან ქვეყანაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დავიწყოთ

242

ინფორმაცია, რომ „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები მოქალაქეებს „დელტა“ შტამისგან ვერ იცავენ, არ არის სრულყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ კუთხით სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები აქვთ. ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, პანდემიის დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვაქცინა, არამედ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეგულაციების სათანადოდ დაცვა.

ტიკარაძემ მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები აქვთ. არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის და მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, ასევე ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებას და ყველა რეგულაციის დაცვას. ჩვენც მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დავიცვათ ყველა საჭირო ღონისძიება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას, საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შემდეგი თვიდან ქვეყანა მზად არის, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.

„რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, მესამე კვარტალში დაანონსებული იყო მასობრივი ვაქცინაცია სწორედ მესამე კვარტალიდან, ანუ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონულად, ასევე თბილისში, რომ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა ტიკარაძემ.