ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად 40% ბარიერის დაწესება ოპოზიციის საყოველთაო თხოვნა იყო.
მისივე თქმით, ეს არ მოუთხოვია მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში „ნაციონალური მოძრაობა“ არ მონაწილეობდა.
„40% ბარიერს ყველა ოპოზიციური პარტია ითხოვდა. ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით, რომ ეს მიზანშეწონილი არ იქნებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, აღნიშნული ბარიერის შემოღებას მაინც დავთანხმეთ. ეს იყო ოპოზიციის მხრიდან არაერთგზის გაჟღერებული თხოვნა“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად 40%-იანი ბარიერი იქნება დადგენილი. აღნიშნული შეთანხმება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას შედგა. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის 40%-იანი ბარიერის შემოღების წინააღმდეგია.