„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა დამენიას განცხადებით, ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადების მთავარი მიზანი წანასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვაა.
როგორც ლაშა დამენიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის წნეხის მოსახსნელად გადასახადები უნდა დაწიოს. მისი შეფასებით, ჯარიმების გაუქმება მეორეხარისხოვან თემას წარმოადგენს.
„პრემიერი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლების მოსყიდვა კვლავ დაიწყოს, თუმცა აქ მთავარი უნდა ითქვას, „ევროპული საქართველო“ თავიდანვე მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ეს ჯარიმები არაადეკვატური იყო. დღეს, გარკვეულწილად, არასამართლიანია, იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიხადეს ეს ჯარიმები და თითქოს, მადლიერი უნდა ვიყოთ მცირე ნაწილის ჯარიმების მოხსნის, ამ დროს, პირველი, როცა ეკონომიკა გაჭყლიტა „ქართულმა ოცნებამ“, პირველი რაც უნდა გაეკეთებინა და დღესაც არ არის გვიან, ეს არის გადასახადების დაწევა, რათა ეკონომიკამ წამოიწიოს და ქართველმა ხალხმა ცოტა შვება იგრძნოს“, – განაცხადა დამენიამ.
ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ფიზიკური და იურიდიური პირები, რომლებიც შეზღუდვების გამო დაჯარიმდნენ, ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.