მინისტრის მოადგილე: საჯარო სექტორში საშუალო მოხელის დასაქმების ტოლფასი გახდა სოფლის მეურნეობაში არაკვალიფიციური მუშის გადასახდელი თანხა – ეს არის სამუშაო დღეში 50 ლარი

377

„საჯარო სექტორში საშუალო მოხელის დასაქმების ტოლფასი გახდა სოფლის მეურნეობაში არაკვალიფიციური მუშის გადასახდელი თანხა, ეს არის სამუშაო დღეში – 50 ლარი, თუ არა 70 და 80, იგივე ატამზე კახეთში და ასე შემდეგ, ძალიან მაღალია მოთხოვნა სოფლის მეურნეობაში ჩვეულებრივ რიგით მუშახელზე, არ არის განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებზე საუბარი,“ – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის „COVID -19 პანდემიის გავლენა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაზე“, მოსმენის ფარგლებში.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში აგრარულ სფეროში კადრების ნაკლებობაზე ისაუბრა. მისი თქმით ქვეყანაში გაჭირვება და უმუშევრობა არსებობს, მაგრამ თავის მხრივ სოფლის მეურნეობაც ქმნის სამუშაო ადგილებს.

„შეიძლება კოვიდის გავლენასაც დავაბრალოთ, მე მთლად კოვიდის გავლენაც არ მგონია, ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკა, სამწუხაროდ, უფრო და უფრო იკვეთება კადრებზე სერიოზული დეფიციტი, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ უმუშევრობაზე ქვეყანაში და სინამდვილეში უმუშევრობა ქვეყანაში არ ვიცი, ბუნებრივია არსებობს, ბუნებრივია არსებობს გაჭირვება, ზღვარი, მაგრამ სოფლის მეურნეობა ქმნის სამუშაო ადგილებს – არც თუ იაფს“ ,- აღნიშნა გელა ხანიშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში ტრაქტორისტების, აგრონომების, ასევე ხილისა და ბოსტნეულის მკრეფავების დეფიციტია.

„დავდივარ კახეთში და სერიოზული პრობლემაა ატამის მკრეფავებზე, გაჭირვებაა მუშახელზე ლურჯი მოცვის პირობებშიც, ეს არის რაც გამოავლინა კოვიდმა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებამაც“ , – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, გელა ხანიშვილის თქმით, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ხელფასი 2021 წლის 1-ელ კვარტალში 21%-ით გაიზარდა, რაც იმის შედეგია, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის მუშახელის დეფიციტი დამქირავებლებს აიძულებს დაქირავებულებს მეტი გადაუხადონ.