გერმანიის მთავრობამ საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტი გამოუყო

298

გარემოსდაცვითი პოლიტიკის გასაძლიერებლად, გერმანიის მთავრობამ საქართველოს 24 მლნ ევრომდე მოცულობის გრანტი გამოუყო.

საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში კლაუს ფაიგელმა.

ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე, სტუმრებს მიმართეს და საქართველო-გერმანიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა.

დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული გრანტის ერთი ნაწილი მოხმარდება აჭარის სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების განვითარებას, ხოლო მეორე ნაწილი მიიმართება დაცული ტერიტორიების ხელშეწყობისკენ.

„დღეს ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას გერმანიასა და საქართველოს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესახებ ბუნების დაცვის, დაცული ტერიტორიებისა და მათ მიმდებარედ მდგრადი ადგილობრივი განვითარების მიმართულებით.

ძალიან მიხარია, რომ საქართველოსთვის აქამდე განსაზღვრული დაფინანსება გავაორმაგეთ. 1990-იანი წლებიდან 27 მილიონი იყო გამოყოფილი, ხოლო დღეს 24 მილიონი დავამატეთ ხსენებულ თანხას.

ამ წარმატებულ და მნიშვნელოვან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ძალიან მახარებს, რომ სამინისტროებთან და მათ საქვეუწყებო ორგანიზაციებთან – ეროვნულ სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებთან ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს.

იმედი მაქვს, რომ მრავალ დაცულ ტერიტორიას ვესტუმრები საქართველოში წელს და მომავალშიც. თვალწარმტაცი ადგილებია და ბევრ ტურისტს მოიზიდავს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, გერმანიიდან და ზოგადად, უცხოეთიდან“,- განაცხადა საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა.