მარნეულის მერიამ 3 სოფელში ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოსაწყობად 447 666 ლარი გამოყო

462

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სამ სოფელში, კომბინირებული მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნის მოწყობას 447 666 ლარად გეგმავს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სპორტული მოედნების მოსაწყობად სოფელ სიონის, საეიდგოჯალოსა და იმირის საჯარო სკოლისთვის სამი ტენდრი გამაცხადა. თითოეული პროექტის ღირებულება 149 222 ლარია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ტენდერში მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 29 ივნისიდან 2 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ. გამარკვებული ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია კიდევ ხუთ სოფელში გეგმავს ფეხბურთისა და კალათბურთის სტადიონების მოწყობას.

ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ხიხანში არსებულ კომბინირებულ მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანის გარემონტებას 105 097 ლარად აპირებს.

ოთხ სოფელში ახალი სტადიონების მშენებლობა იგეგმება, თითოეული მათგანის მოწყობისათვის კი ბიუჯეტში 149 222 ლარია გამოყოფილი.
ახლოლალო, ენიქენდი, სოფელ კაჩაგნის N1 საჯარო სკოლა და სოფელი ქეშალო – ეს ის ადგილებია სადაც მარნეულის მერია 2021 წელს კომბინირებულ მინი სტადიონებს მოაწყობს.

2021 წლის 4 ივლისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე სტადიონების მშენებლობის თანხის გაზრდას დაუჭირეს მხარი. როგორც საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, წელს მუნიციპალიტეტი საერთო ჯამში 10 მინი სტადიონის მოწყობას აპირებს, რისთვისაც მერიას ბიუჯეტში თანხაც ჰქონდა გათვალისწინებული, მაგრამ საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღების შემდგომ დამატებით 615 000 ლარის გამოყოფა გახდა საჭირო.