ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის სამი ცენტრი იხსნება

379

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის სამი ცენტრი იხსნება. კორონა ვირუსის საწინააღმდეგო აცრების ჩასატარებლად, ვაქცინაციის კაბინეტები დიდ სოფლებში, კაბალში, აფენსა და ცოდნისკარის ამბულატორიაში ამოქმედდება. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.

ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნუნუ ნოზაძის განმარტებით, სოფლები ტერიტორიული და მოსახლეობის სიმრავლის ნიშნით შეირჩა.

” კაბალი დიდი და ამავდროულად, აზერბაიჯანულენოვანი სოფელია. აფენი კი ტერიტორიულად დაშორებული. ამიტომ ტრანსპორტირებისა და გადაადგილების პრობლემა რომ არ გაჩნდეს, აცრის კაბინეტი ადგილზე იმუშავებს. ვფიქრობ, ასეთი გზით, მოსახლეობის საკმაო ნაწილის ვაქცინაციას შევძლებთ”- განაცხადა ნოზაძემ რადიო ჰერეთთან.

ექიმები და ექთნები, ვაქცინაციის ჩასატარებლად, უკვე გადამზადებულია.

დღემდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აცრის მხოლოდ ერთი ცენტრი მუშაობდა.

მთლიანად კახეთის რეგიონში, ვაქცინაცია ახმეტის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.