ბობოყვათში, ტერიტორიზე, რომელსაც აჭარის ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის, სოფელ ბობოყვათის მოსახლეობამ კარვები გაშალა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ორი დღის წინ გამართული შეხვედრის დროს, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ პროტესტის აღნიშნულ ფორმას მიმართეს.
აუქციონის ვადა 25 ივნისს იწურება.
“კარვები გავშალეთ, რადგან ტერიტორიის შეძენით დაინტერესებულ ინვესტორს გვინდა დავანახოთ, რომ ეს მიწა ხალხის საკუთრებაა”, – აცხადებენ მოქალაქეები.
აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებით კარავში 24 საათიანი მორიგეობა დაწესდება. 25 ივნისს კი ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება.
150 ოჯახი, ქობულეთში, ბობოყვათის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარე დაახლოებით 30-ჰექტარამდე მიწის ფართობის საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ, რადგან არქივში დაცული დოკუმენტებით დგინდება, რომ ეს მიწა მათ წინაპრებს ეკუთვნოდა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ამოიწურა. ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.