თუ საჭირო გახდა სასამართლოშიც წავალთ – ბორჯომის სოფელ სადგერის მოსახლეობა

437

ბორჯომის სოფელ სადგერში მცხოვრები მოსახლეობა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძების მათი ნაკვეთებიდან გატანის თაობაზე, დღეს, 22 ივნისს ადგილობრივ თვითმმართველობას წერილობით მიმართავს. მათი თქმით, თუ  პრობლემის მოგვარებაში ბორჯომის მერია არ დაეხმარება, მაშინ საჩივარს სასამართლოში შეიტანენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ჩვენი მოთხოვნაა გაიტანონ ყველა ბოძი, ყველას ნაკვეთიდან, დღეს არც მერი და არც მისი წარმომადგენელი არ მოსულა. წერილს დავწერთ და მოვითხოვთ სასწრაფოდ განიხილონ ჩვენი მოთხოვნა და გაიტანონ ბოძები. ჯერ შეგვაქვს მერიაში ვნახოთ რას გვიპასუხებს, შემდეგ სასამართლოსაც მივმართავთ“, – განუცხადა “სამხრეთის კარიბჭეს” სადგერში მცხოვრებმა ნათელა ტაბატაძემ.

დღეს, 21 ივნისს ბორჯომის მუნიციაპლიტეტის სოფელ სადგერში მოსახლეობამ „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ წარმომადგენლებს მუშაობის დაწყების უფლება არ მისცა. რის გამოც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავებმა  სამი ადგილობრივი ახსნა–განმარტების დასაწერად ადგილობრივ სამმართველოში წაიყვანეს.

„თავიდან პოლიციაში ენერგო–პრო ჯორჯიას წარმომადგენელმა დარეკა, მერე ჩვენი მხრიდანაც ადგილობრივმა, დათო სტეფნაძემ.  ამიტომ ერთად წაგვიყვანეს პოლიციაში. დათოს დააწერინეს ახსნა–განმარტება იმასთან დაკავშირებით თუ რატომ დარეკა 112–ში“, – ამბობს სადგერში მცხოვრები ნათელა ტაბატაძე.

როგორც მოსახლეობა ამბობს “ენერგო–პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებს მაღალი ძაბვის ელექტროსადენების სადენების გასაყვანად მუშაობის დაწყების უფლებას არც ხვალ მისცემს.

„სამხრეთის კარიბჭე“ მომხდართან დაკავშირებით, თვითმმართველობის და შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებიდან პასუხს ელოდება.

ბორჯომში, სოფელ სადგერში ელექტროგადამცემი ხაზის „ცემი–1“–ის რეკონსტრუქცია 2019 წელს დაიწყო, მაგრამ  მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა.  ერთწლიანი დავის შემდეგ 2021 წლის მარტში გადაწყდა, რომ „ენერგო–პრო ჯორჯია“ სოფელ სადგერში ადგილობრივების ნაკვეთებიდან ელექტროგადამცემ ანძებს მოშორებით, ტყის მასივში გადაიტანდა. ეს კი მას შემდეგ დაიწყებოდა, როცა კომპანიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავდნენ. მუხედავად ამისა,  მოსახლეობასთან შეხვედრა არავის გაუმართავს, შედეგად ნაკვეთებიდან ანძების  ნაწილი გადააქვთ, ნაწილს კი ტოვებენ.