განათლების სამინისტრო: სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34 პროცენტით შემცირდა

332

საქართველოს განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34 პროცენტით შემცირდა.

მათივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირებისა და განათლების სისტემაში ჩართვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებს, უახლესი მონაცემებით, ბენეფიციარებთან სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობის, სხვადასხვა უწყების მონაცემთა ბაზების შედარებისა და აღმოფხვრილი შეუსაბამობების შედეგად, ასევე პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის მონაცემების გათვალისწინებით, სკოლის მიღმა დარჩენილ პირთა რიცხვი დღეის მდგომარეობით 6,885-მდე შემცირდა.

„მნიშვნელოვანია, 1000-ზე მეტმა ბავშვმა უკვე გაიარა რეგისტრაცია და სექტემბრიდან შემოუერთდებიან სასწავლო პროცესს. გარდა ამისა, მონაცემთა საგრძნობი შემცირება განაპირობა უცხოელ პირებთან აღრიცხვის პრობლემების მოწესრიგებამ, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფი იმ ბავშვების გამოვლენამ, რომლებიც საზღვარგარეთ დაიბადნენ, თუმცა საქართველოს მოქალაქეები არიან. პირველკლასელთა რეგისტრაციის III (საყოველთაო) და IV ეტაპებზე მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოსალოდნელია, რომ მონაცემები კიდევ შემცირდება და რეალურ ოდენობას დაუახლოვდება. გარდა ამისა, ამ ეტაპზე არსებულ სურათს შეცვლის სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობა, რომელთა მიზანს მოზარდთა ფორმალურ განათლებაში ჩართვა წარმოადგენს,“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.