„ნაციონალური მოძრაობა“ 2 ოქტომბერს თბილისის მერიასთან აქციას გამართავს

659

„ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან აქციას გამართავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის არ შეეგუება, რომ „ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად გადაეცეს ნახევარი თბილისი“.

„იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, რომ მონაწილეობას ვიღებდით თვითმმართველობის არჩევნებში, გადავწყვიტეთ, რომ ბოლომდე დაგვეცვა თბილისელების ინტერესები. ეს არ არის წინასაარჩევნო რიტორიკა, ეს არის ჩვენი ცხოვრების საქმე. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვუთხრათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მის უკან მდგარ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ დავუთმობთ ბოტანიკურ ბაღს, ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ 1 ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი „პანორამა თბილისი“ ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს. ჩვენ არ ვაპირებთ ფარხმალის დაყრას არჩევნებამდე. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, ყველა ის უკანონო გადაწყვეტილება გაბათილდება, რომელიც თბილისის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ჩვენი პროტესტი იქნება უფრო ხალხმრავალი, უფრო ძლიერი და უფრო ხმამაღალი. ამიტომ ჩვენ დღეს ვაანონსებთ აქციას – ორშაბათს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან ვიწვევთ ყველას, ვინც გვიჭერს მხარს და ვინც არა მხოლოდ ჩვენ გვიჭერს მხარს, არამედ თბილისს უჭერს – ჩვენს საერთო სახლს.

ჩვენ ვეუბნებით არას, თბილისში გამეფებულ უკანონობას და ჩვენ ვეუბნებით არას, ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას. ასე, რომ გელოდებით ყველას ორშაბათს, 14:00 საათზე თბილისის მერიასთან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი