საქართველოს საზღვრის კვეთისას 10 წლამდე ბავშვებს PCR ტესტის პასუხის წარდგენა აღარ მოუწევთ

327

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ბავშვები ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან. ასევე არ ექნებათ ვალდებულება, საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს „პისიარ“ კვლევა ჩაიტარონ. ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შედის ცვლილება და მისი მე-11 მუხლის 41 პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს „პისიარ“ კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.“