ქედის სოფელი ქვედა აგარა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე

543

ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა აგარაში ეკოლოგიური პროცესები წლების წინ დაიწყო. ქვათაცვენამ და მეწყრულმა პროცესებმა იქ, არაერთი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.  მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგებმა, რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების განსახლების რეკომენდაცია არაერთხელ გასცეს, ხელისუფლებამ, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოდან, ოჯახების გაყვანა დღემდე ვერ მოახერხა. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

დაზარალებულებს შორისაა თებიძეების ოჯახი. ხევა თებიძე გვიყვება, რომ ფერდობიდან ჩამოცვენილმა ლოდებმა, საცხოვრებელი სახლის აივანი მოანგრია. ნაწილობრივად ჩამოშალა სახლის უკანა საყრდენი კედელიც და სახლმა დეფორმირება განიცადა.

სტიქიისგან დაზარალებულია კიდევ ერთი ოჯახი.  სახლის საყრდენ კედლებზე, სტიქიური პროცესების შედეგად ნაპრალებია გაჩენილი. მურმან თებიძე ამბობს, რომ ღამეს შიშით ატარებენ, განსაკუთრებით რთული ვითარება კი, უხვი ნალექის დროს იქმნება.

სოფელ ქვედა აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის, ქედის მერიამ, საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის 1.5 მლნ-ზე მეტი თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო. ხუთ სართულიანი კორპუსის მშენებლობა, სოფელ პირველმაისის ცენტრში გასულ წელს დაიწყო. სოფლიდან, დაახლოებით ოთხ კილომეტრში მრავალსართულიანი ბინების აშენების იდეა, ხელისუფლებას, ადგილობრივებმა იმ მოტივით შესთავაზეს, რომ მოსახლეობას საკუთარი მეურნეობები დაემუშავებინა და შემოსავლის გარეშე არ დარჩენილიყო.

კითხვაზე, რა ბედი ელის ეკოლოგიური საფრთხის ზონაში მცხოვრებ ოჯახებს და საბოლოოდ ვინ მიიღებს ბინას სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ? ქედის მერის მოადგილე პასუხობს, რომ მთავარი კრიტერიუმი ის, გეოლოგიური დასკვნები იქნება, რომლითაც ოჯახები განსახლებას საჭიროებენ, ამავდროულად მთავარი მოთხოვნაა, საკუთრებაში ალტერნატიული ფართები არ უნდა გააჩნდეთ.

ქედის მერიის ინფორმაციით, ეკომიგრანტებისთვის აშენებული საცხოვრებელი ბინები დასრულებულია და მოსახლეობას მოუწოდებენ, ბინების მისაღებად, უწყებას წერილობითი განცხადებით მიმართონ.