ქუთაისში, კიკვიძის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

501

ქუთაისში, კიკვიძის ქუჩაზე საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

სამუშაო პროცესი ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილემ იუზა უგულავამ და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ბექა ყურაშვილმა მოინახულეს.

კიკვიძის ქუჩის მეორე ჩიხის #19-თან საყრდენი კედელის მოწყობა თებერვლის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად გახდა აუცილებელი, სამუშაოებისთვის თანხა- 255 000 ლარი სტიქიის ფონდიდან გამოიყო.

„კიკვიძის ქუჩაზე საყრდენი კედლის დაზიანება მოსახლეობისთვის გარკვეულ საფრთხეებს ქმნიდა. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაგვეწყო კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რათა ამ ადგილის მიმდებარედ მოქალაქეების გადაადგილება და ცხოვრება იყოს უსაფრთხო“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის განახლება, რკინა-ბეტონის კედლის აღდგენა, გაკეთდება ლითონის მოაჯირიც. სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა „საქმილსადენმშენი” აწარმოებს, აგვისტოში დასრულდება.

ქალაქის მერმა მოსაშვილის ქუჩაზე და ლესელიძის მე-5 შესახვევში რეაბილიტირებული გზაც მოინახულა. ამ ქუჩებზე გზის საფარის აღდგენაზე 98 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები „ჯეოროუდინვესტმა” შეასრულა.